შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი
1752610971
ევროკავშირი შეშფოთებულია სირიაში დრუზებით დასახლებულ რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების გამო და ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიუსელი ყველა გარე აქტორს მოუწოდებს, სრულად სცენ პატივი სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს განცხადება ევროკავშირმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ავიაიერიში მიიტანა სირიის თავდაცვის სამინისტროზე.
ამასთან, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ იერიში ასევე განხორციელდა სირიის პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.
ისრაელი სირიის სამთავრობო ძალებს დრუზების წინააღმდეგ ძალადობაში სდებს ბრალს. სირიაში, კერძოდ სუვეიდას პროვინციაში დრუზ მებრძოლებსა და ბედუინთა ტომებს შორის სამხედრო დაპირისპირება რამდენიმე დღეა, გრძელდება. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 100 ადამიანი. ამის გამო სირიის მთავრობამ ადგილზე გააგზავნა უსაფრთხოების ძალები. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ახლა სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ სუვეიდას 70%-ს აკონტროლებენ. მანამდე ისრაელში განაცხადეს, რომ სირიის ძალები თუ არ დატოვებენ ქალაქს, ისრაელი ავიაიერიშებს კვლავაც განახორციელებს.
სირიის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ მობილიზებულია ორი დივიზია, რომელთა გაგზავნასაც გოლანის მაღლობებზე აპირებს. ასევე ისრაელი მზადაა ამ რაიონში გადაისროლოს საჰაერო ძალები, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატები და ავიაგამანადგურებლები.
ცნობისთვის, დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სირიის სამთავრობო ძალები სუვეიდაში იმყოფებიან. სუვეიდის პროვინციას ძირითადად დრუზი სამართალდამცველები აკონტროლებენ, რომლებმაც არაერთხელ თქვეს უარი სირიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე.