მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ნისლი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1765441480
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი ევგენი კორნიჩუკი მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა, რომელმაც თქვა, რომ ვლადიმერ პუტინთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს.
ისრაელის საგარეო უწყების განცხადებით, უკრაინის ელჩი დაიბარეს ევრაზიის საკითხებში სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, იუვალ ფუქსთან საყვედურისთვის.
ფუქსმა უკრაინელ დიპლომატს განუცხადა, რომ მისი კომენტარები აბსოლუტურად მიუღებელი იყო და არ შეესაბამებოდა დიპლომატიურ პროტოკოლს.
სამინისტროს განცხადებით, მეტიც, ელჩის კომენტარები უგულვებელყოფს უკრაინაში ომის დაწყებიდან ისრაელის მკაფიო პოზიციას, რომელიც დემონსტრირებული იყო საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის ვიზიტით კიევში და ისრაელის მიერ გაერო-ში სხვადასხვა დოკუმენტისთვის ხმის მიცემით.
ევგენი კორნიჩუკმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება გამოცემა Ynet-თან ინტერვიუში გააკრიტიკა. ქნესეთში 8 დეკემბერს გამართული დებატების დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან პირად ურთიერთობებზე და თქვა, რომ მასთან საუბარი რეგულარულად აქვს, რაც ისრაელის სასიცოცხლო ინტერესებს ემსახურება.
Ynet-თან ინტერვიუში კორნიჩუკმა მწვავედ გააკრიტიკა ისრაელის პრემიერი-მინისტრი და აღნიშნა, რომ ის გაკვირვებულია ნეთანიაჰუს კომენტარებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც ისრაელმა 7 ოქტომბერს გადაიტანა. ელჩის განცხადებით, საჭიროა ისტორიის სწორ, მორალურ მხარეს დგომა.