ირანში საპროტესტო აქციები და შეტაკებები გრძელდება, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 34 დემონსტრანტი და რამდენიმე სამართალდამცველი

ირანში საპროტესტო აქციები

ირანში საპროტესტო აქციები და შეტაკებები მეთერთმეტე დღეა, გრძელდება.

როგორც „ბიბისი“ ირანის რევოლუციის გუშაგთა არმიასთან დაახლოებულ საინფორმაციო სააგენტო „ფარსზე“ დაყრდნობით წერს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლორდეგანში შეიარაღებულმა პირებმა ორი პოლიციელი მოკლეს.

სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოები, სადაც სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა შორის შეტაკებები ჩანს. ისმის სროლის ხმაც. კადრებში ასევე ასახულია, როგორ იყენებენ პოლიციელები და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენ აირს. საპასუხოდ, აქტივისტები სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან.

აშშ-ში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით, საპროტესტო აქციებმა ირანის 31 პროვინციის 111 ქალაქი და დასახლება მოიცვა. გავრცელებული ცნობებით, დაღუპულია 34 დემონსტრანტი და ოთხი სამართალდამცველი. ამასთან, დაკავებულია 2 200 დემონსტრანტი.

ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად, თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტები შეუერთდნენ.

ირანის ბირთვული პროგრამის გამო ქვეყნის წინააღმდეგ ხელახლა ამოქმედებული სანქციების შედეგად, ირანული რიალი დოლართან მიმართებით შარშან რეკორდულად გაუფასურდა, ხოლო ინფლაციამ ქვეყანაში 40%-ს მიაღწია.