ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი - ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან, ირანის შეიარაღებული ძალები აუცილებლად უპასუხებს ამ სიონისტურ თავდასხმას

fr

ისრაელი და აშშ დარტყმებისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან, – ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ირანის შეიარაღებული ძალები აუცილებლად უპასუხებს ამ სიონისტურ თავდასხმას“, – განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, აბოლფაზლ შეკარჩიმ.

მანამდე, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ისრაელის დარტყმებზე „ძალიან მკაცრ პასუხს“ გეგმავს.

შეგახსენებთ, ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება, ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებაც. განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც. მარკო რუბიოს თქმით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი ქმედება განახორციელა და აშშ არ არის ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში.