1749718859
ირანი შეძლებს ბირთვული იარაღის წარმოებას ძალიან მოკლე დროში, ეს არის ნათელი და აქტუალური საფრთხე ისრაელის არსებობისთვის... ჩვენ დავარტყით ირანის ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის გულს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია "აღმავალი ლომი" და გაგრძელდება იმდენი დღის განმავლობაში, რამდენიც დასჭირდება საფრთხის აღმოფხვრისთვის. მისი თქმით, ირანს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს ისრაელისთვის ზიანის მიყენებისთვის, შესაბამისად, ისრაელმა ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამას დაარტყა.
"ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენი დღის განმავლობაში, რამდენიც დასჭირდება ამ საფრთხის აღმოფხვრისთვის. ათწლეულების განმავლობაში თეირანის ტირანები ღიად და გულგრილად ითხოვდნენ ისრაელის განადგურებს. მათ გენოციდური რიტორიკა ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამით გაამყარეს. ბოლო თვეებში ირანმა გადადგა ნაბიჯები, რასაც ადრე არასდროს გადადგამდა გამდიდრებული ურანის ბირთვულ იარაღად გარდაქმნის მიმართულებით. თუ ამას არ შეაჩერებენ, ირანი შეძლებს ბირთვული იარაღის წარმოებას ძალიან მოკლე დროში. ეს არის ნათელი და აქტუალური საფრთხე ისრაელის არსებობისთვის. ჩვენ დავარტყით ირანის ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის გულს," - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ღამით ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამას დაარტყა. მასშტაბური აფეთქებებია ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში და სამხედრო ბაზებზე, ბირთვულ ობიექტებზე, ბალისტიკური რაკეტების ქარხნებსა და ცენტრებზე სადაც მეცნიერები ატომურ პროგრამაზე მუშაობდნენ.
განვითარებულ მოვლენებთან დაკვაშირებით ირანის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ირანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის აქტები ვერ მოხდებოდა აშშ-ის კოორდინაციის გარეშე. "ამერიკის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.