ვანგას 5 პროგნოზი, რომელიც მან 2025 წლისთვის იწინასწარმეტყველა
1749934555
ირანი აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს მათი სამხედრო ბაზებისა და გემების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს ირანის მიერ საპასუხო იერიშის ფარგლებში გაშვებული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ირანის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ვრცელდება.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 ივნისს, ირანზე ისრაელის იერიშების პირველი ტალღის შემდეგ Fox News-თან საუბრისას თქვა, რომ "საჭიროების შემთხვევაში" აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება. პარალელურად, მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ამერიკული ძალები ისრაელს ირანის მიერ საპასუხოდ გაგზავნილი დრონების ჩამოგდებაში ეხმარებოდნენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 13 ივნისს ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისრაელს ირანის თავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარებოდა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 13 ივნისს განაცხადა, რომ მის შეიარაღებულ ძალებს ისრაელისთვის რაიმე სახის სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა დეესკალაციის საჭიროებას გაუსვა ხაზი.
ამასთან, The Times-ის ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელის თავდაპირველი იერიშების გეგმის შესახებ წინასწარ არ იცოდა.
ცნობისთვის, ისრაელმა 13 ივნისის გამთენიისას ირანის წინააღმდეგ, ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელით "აღმავალი ლომი" წამოიწყო. ოპერაციაში 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც დაახლოებით 330 ბომბით 100 სამხედრო სამიზნეზე ხუთ ეტაპად მიიტანეს იერიშები. ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ისეთ საკვანძო ობიექტებს, როგორებიცაა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული კომპლექსები.
იერიშების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებულია ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაც. ირანელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, თეირანის გარშემო დაბომბილია, სულ მცირე, 6 სამხედრო ბაზა.
"აღმავალი ლომის" სამიზნეები გახდნენ ირანის სამხედრო გენერლები, მეთაურები თუ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალჩინოსნები. ოპერაციის შედეგად განეიტრალებულთა შორის არიან IRGC-ს მეთაური ჰოსეინ სალამი და საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი ამირ ალი ჰაჯიზადე. მოკლულია რამდენიმე მეცნიერიც, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა.
ირანმა საპასუხო იერიშის ფარგლებში ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა, რასაც ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა.