ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა

ზღარბი

ინგლისში, ჩეშირის საგრაფოს ქალაქ ნატსფორდში, ცოტა ხნის წინ უცნაური ამბავი მოხდა: ქალმა ვეტერინარულ კლინიკაში სამკურნალოდ "ზღარბი" მიიყვანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პაციენტი, რეალურად, ქუდის პომპონი ყოფილა.

ხანდაზმულ ქალს პომპონი თავის სახლთან გამავალი გზის მახლობლად უპოვია და ხელით შეხების გარეშე ჩაუსვამს ყუთში, სადაც კატის საჭმელიც მოათავსა. ქალმა ყუთი ბნელ, თბილ ადგილას დადო, რომ "ცხოველი" არ შეეწუხებინა. შეუწუხებელი და საეჭვოდ ჩუმი პომპონი კი მალე ცხოველთა თავშესაფრის კლინიკაში აღმოჩნდა, სადაც ქალისთვის დაუჯერებელი აღმოჩენა გააკეთეს.

„გავტრიალდი და ვუთხარი, ბოდიში, მაგრამ ეს მხოლოდ ქუდის პომპონია-მეთქი", — ჰყვება ვეტერინარი ჯენეტ კოცი, — "მან კი შეიცხადა, მეხუმრებითო?!".

ვეტერინარი კი ამბობს, ხუთი წელია, აქ ვმუშაობ და ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონიაო, მაგრამ იმასაც ამატებს, რომ ესმის, რატომ მოუვიდა ქალს შეცდომა.

თავშესაფარმა უკვე სახელმოხვეჭილი პომპონის ფოტოც გაავრცელა, სადაც ეს უკანასკნელი მომცრო ყუთში, კატის საკვების გვერდითაა მოკალათებული.

„გახსოვდეთ, რომ სიკეთეს საზღვარი არ აქვს, მაშინაც კი, თუ საქმე თვითმარქვია ბეწვიან მეგობარს ეხება", — წერს თავშესაფარი ფეისბუქზე, - „ნურც იმას დაივიწყებთ, რომ თუ ზღარბი დღისით გარეთ შენიშნეთ, ესე იგი, რაღაც ვერაა რიგზე. ყუთით თბილ ადგილას მოათავსეთ და ადგილობრივ ვეტკლინიკას მიმართეთ".

აღსანიშნავია, რომ ცივ სეზონზე ზღარბები გამოსაზამთრებლად ძილს ეძლევიან, ამ დროს მათი გულისცემა ნელდება და ზოგმა შეიძლება იფიქროს კიდეც, რომ ცხოველი მოკვდა. თუმცა, მძინარე ზღარბის შეწუხება დაუშვებელია — თუ ეს უნებურად მოგივიდათ, აჯობებს, ცხოველი მშრალი ფოთლებით დაფაროთ და ახლომახლო საკვები და წყალი დაუტოვოთ, რომ გამოღვიძებულმა დახარჯული ენერგია მალევე აღიდგინოს და ძილი შეიბრუნოს. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ზღარბებს ლაქტოზის აუტანლობა აქვთ და მათთვის რძის შეთავაზება არ შეიძლება. სამაგიეროდ, სიამოვნებით შეექცევიან კატის საკვებს.