1757012910
ინდოეთის ფინანსთა მინისტრი: ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს

ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სიტჰარამანმა განაცხადა, რომ ქვეყანა გააგრძელებს რუსული ნავთობის შესყიდვას, რითაც აჩვენებს, რომ ინდოეთის მთავრობა არ შეასრულებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუდმივ მოთხოვნებს შესყიდვების შეწყვეტის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
„რაც შეეხება იმას, თუ საიდან ვყიდულობთ ნავთობს, რაშიც ასე დიდ თანხას ვიხდით, ჩვენ მოგვიწევს იმის გადაწყვეტა, თუ რა გვჭირდება ყველაზე მეტად... ჩვენ, უდავოდ, ვიყიდით [რუსულ ნავთობს]“, - აღნიშნა ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა.
ეს განცხადებები გაკეთდა იმ ფონზე, რომ ნიუ დელიმ რუსული ნავთობის შესყიდვები არ შეწყვიტა და აცხადებს, რომ ამას მანამ გააგრძელებს, სანამ ფინანსურად მომგებიანი იქნება.
ამ ნაბიჯმა ტრამპის ადმინისტრაცია გააღიზიანა, რის გამოც ინდოეთს ტარიფები 50%-მდე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლამდე, გაუორმაგა.