ილჰამ ალიევი ბაქოში ჯორჯია მელონის შეხვდა

ილჰამ ალიევი და ჯორჯია მელონი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.

ალიევმა ჯორჯია მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და იტალია სტრატეგიული პარტნიორები არიან.

„დღეს აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ღრმა შინაარსს. ყველამ იცის, რომ დღეს თქვენ სომხეთში იყავით. თქვენი პროგრამის დასრულებას სომხეთში და აზერბაიჯანში ჩამოსვლას ჩვენთვის განსაკუთრებული, უაღრესად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამავდროულად, ეს აზერბაიჯანის მიმართ გამოვლენილი პატივისცემისა და კეთილი ნების აშკარა გამოვლინებაა. როგორც იცით, ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა. იტალია აზერბაიჯანის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ბუნებრივია, ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობაა. აქაც, როგორც სანდო პარტნიორები, მრავალი წლის განმავლობაში ვუჭერთ მხარს ერთმანეთს“, – განაცხადა ალიევმა.

თავის მხრივ, ჯორჯია მელონიმ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

მელონის თქმით, ეს იტალიის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში 2013 წლის შემდეგ.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, იტალიაში გაზისა და ნავთობის ექსპორტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ – წარმოვადგენ დიდი სიამაყით. ჩვენ ვისაუბრეთ ამ კავშირების განმტკიცებაზე. ჩვენი მეგობრობა ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ურთიერთობებში, ჩვენს საზოგადოებებს შორის კავშირებსა და ჩვენს კულტურულ კავშირებში.დარწმუნებული ვარ, რომ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და უფრო მაღალ დონეს მიაღწევს“, – განაცხადა მელონიმ.