იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ერ რიადში, ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს იერიში

იემენელი „ჰუსიტები“

იემენელმა „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში მდებარე მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ამ დროისთვის საუდის არაბეთს „ჰუსიტების“ დარტყმის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. თუმცა, თვითმხილველების ცნობით, საუდის არაბეთის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

ცნობილი ხდება, რომ დიპლომატებს საელჩოებში თავშესაფრებში დარჩენის მითითება მისცეს.

თვითმხილველთა განცხადებით, უსაფრთხოების ზომები საერთაშორისო სკოლებმაც გაამკაცრეს.

საუდის არაბეთის ინფორმაციით, ამავე აეროპორტზე მანამდე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა ქალაქ აბჰაში მდებარე აეროპორტზე დარტყმის შედეგად. აღნიშნულ აეროპორტში ავიარეისების შეფერხება, უკვე მეორე დღეა, გრძელდება. აბჰის აეროპორტზე თავდასხმას მაროკოსა და ალჟირის მოქალაქეები ემსხვერპლნენ, კიდევ 28 ადამიანი დაიჭრა. მეფე ხალიდის აეროპორტზე თავდასხმის შედეგად კი სუდანის მოქალაქე დაიღუპა, ხოლო რვა ადამიანი დაშავდა.

ოფიციალურ პირებს საუდის არაბეთში ორ საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებელი მხარე არ დაუსახელებიათ.

როგორც „ევრონიუსის“ წერს, ჯგუფმა, რომელიც ოფიციალურად „ანსარ ალაჰის“ სახელით არის ცნობილი, ბოლო დღეებში საუდის არაბეთის აეროპორტებზე არაერთი თავდასხმის შესახებ განაცხადა. ასევე განხორციელდა სარაკეტო იერიშები სამეფოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზე.

„ევრონიუსი“ იუწყება, რომ საუდის არაბეთის ობიექტებზე თავდასხმები საფრთხეს უქმნის ჰორმუზის სრუტის ალტერნატიულ მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტებს.

ცნობისთვის, „ჰუსიტების“ თავდასხმები გამწვავდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა და იემენის სამთავრობო ძალებმა ფართომასშტაბიანი სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია დაიწყეს იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებიც დაჯგუფებამ ერთი თვის წინ იემენის დასავლეთ, წითელი ზღვის სანაპიროსა და ბაბ-ელ-მანდების სრუტის სიახლოვეს დაიკავა.

✕