დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
1761759658
ქარიშხალი "მელისა" იამაიკას დაატყდა თავს. "მელისა" უკვე შეაფასეს ყველაზე ძლიერ ქარიშხლად, რომელიც იამაიკას ოდესმე თავს დასტყდომია. იამაიკაზე, ხმელეთზე გადასვლიდან რამდენიმე საათში, ქარიშხალი კუბის მიმართულებით წავიდა და სიდიდით მეორე ქალაქს დაატყდა თავს, რა დროსაც ის მე-4 კატეგორიის სიმძლავრის იყო. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის ეროვნული ქარიშხლების ცენტრის მონაცემებით, "მელისა" ხმელეთზე სამხრეთ-დასავლეთ იამაიკაში, ნიუ-ჰოუპთან ახლოს გამოვიდა, სადაც ქარის სიჩქარე საათში 295 კმ/სთ-ს აღწევდა. ეს სიჩქარე მნიშვნელოვნად აღემატება მე-5 კატეგორიის შტორმისთვის დაშვებულ მინიმალურ სიჩქარეს - საათში 252 კმ/სთ-ს, რაც საფირ-სიმპსონის შკალაზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, სამხრეთ-დასავლეთ იამაიკაში, წმინდა ელისაბედის სამრევლო წყლის ქვეშ დარჩა. მათ განმარტებით, 500 000-ზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
"ამ დროისთვის მიღებული ცნობების თანახმად, დაზიანდა საავადმყოფოები, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა საცხოვრებელ და კომერციულ ობიექტებს, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა იამაიკის პრემიერ-მინისტრმა ენდრიუ ჰოლნესმა.
ჰოლნესმა აღნიშნა, რომ მთავრობას ქარიშხალთან დაკავშირებული დადასტურებული მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია, მაგრამ ქარიშხლის სიძლიერისა და ზარალის მასშტაბის გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი იქნება.