ჰაკან ფიდანი: თურქეთი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგება და მხარს უჭერს ქვეყნის პრობლემების მშვიდობიან, შიდასახელმწიფოებრივ გადაწყვეტას

ჰაკან ფიდანი

თურქეთი ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგება და მხარს უჭერს ქვეყნის პრობლემების მშვიდობიან, შიდასახელმწიფოებრივ გადაწყვეტას საკუთარი ხალხის მიერ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ფიდანმა აღნიშნა, მეზობელი ირანის მშვიდობას და კეთილდღეობას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვის.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება თურქეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს შორის რჩება.

ფიდანის თქმით, თურქეთი ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაში თავის პოლიტიკას სრულიად ამ პრინციპის შესაბამისად ახორციელებს.

როგორც ფიდანმა განაცხადა, თავის ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ თურქეთი მზადაა, უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა საკითხების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.

ჰაკან ფიდანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ინტენსიურად მუშაობს ირანსა და აშშ-ს შორის ძირითადი დავების, განსაკუთრებით ბირთვული პროგრამისა და სხვა რამდენიმე საკითხის მოსაგვარებლად.

„ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით, რომ რეგიონული პრობლემები რეგიონული საკუთრების გრძნობით უნდა მოგვარდეს. აქედან კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ პრობლემების გადასაჭრელად სამხედრო მეთოდების გამოყენების წინააღმდეგი ვართ. ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს ეფექტური იქნება. ჩვენ მოლაპარაკებასა და დიპლომატიას ვუჭერთ მხარს. სირიაში, ერაყში, ავღანეთსა და ღაზაში მომხდარი მოვლენები ჩვენს მეხსიერებაში ისევ ახალივით არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ წარსულის ჭრილობების მოშუშებას, ჩვენს რეგიონში ახალი ჭრილობის გახსნა არავისთვის იქნება სასარგებლო. არც ჩიხი და არც ომი არ არის გამოსავალი. საჭიროა გამოსავალი და მშვიდობა. ჩვენ მთელი ჩვენი ძალებით ვმუშაობთ ამისკენ. რეგიონის ქვეყნებიც მხარს უჭერენ ამას. იმედია, ამ საკითხში გარკვეულ პროგრესს მივაღწევთ. ჩვენ არ გვინდა, ჩვენს რეგიონს თავს მოახვიონ მსოფლიოს სხვა ადგილას შექმნილი სისტემა. ისევე, როგორც არ გვინდა თურქული, არაბული ან სპარსული ექსპანსიონიზმი, ასევე არ გვინდა ისრაელის ექსპანსიონიზმი“, – აღნიშნა ჰაქან ფიდანმა.