ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის გაზრდილ დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს
1769787975
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საფრანგეთი კვლავ აგრძელებს მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას რუსეთის ბირთვულ ინდუსტრიასთან, - წერს საფრანგეთის Greenpeace.
„მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ, ყველა ქმედება არ შეესაბამება ოფიციალურ რიტორიკას: ურანით ვაჭრობა საფრანგეთსა და რუსეთს შორის დიდი გაუმჭვირვალობით გრძელდება. Greenpeace France-მა დოკუმენტურად დაადასტურა ეს სავაჭრო ურთიერთობები რუსულ კომპანიასთან“, - ნათქვამია სტატიაში.
საფრანგეთი კვლავაც ღრმად არის დამოკიდებული რუსეთზე საკუთარი ბირთვული პარკის ფუნქციონირებისთვის. უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, ურანით დატვირთული სატვირთო გემები კვლავ აგრძელებენ საფრანგეთის პორტებში, კერძოდ დუნკერკში, შესვლას - ისინი მოდიან ან პირდაპირ რუსეთიდან, ან ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან, რუსეთის ტერიტორიის გავლით, „როსატომის“ კონტროლის ქვეშ.
„საფრანგეთი ასევე 100%-ით დამოკიდებული რჩება რუსეთზე „გადამუშავებული ურანის“ გამო - ეს არის ურანი, რომელიც ფრანგულ ელექტროსადგურებში გამოყენების შემდეგ რჩება, რადიოაქტიური ნარჩენების მთებად გროვდება ჩვენს ტერიტორიაზე და არ ვიცით, რა ვუყოთ მას; რუსეთი კი დღეს ერთადერთია, ვისაც მისი ნაწილობრივ ხელახლა გამოყენება შეუძლია“, - აღნიშნავს საფრანგეთის Greenpeace.
ეს სავაჭრო კავშირები გამჭვირვალობის შემაშფოთებელი ნაკლებობის ფონზე ხორციელდება: გერმანიისგან განსხვავებით, საფრანგეთი არ აქვეყნებს ურანის იმპორტისა და ექსპორტის დეტალურ მონაცემებს. გამჭვირვალობის არარსებობის პირობებში, ამჟამად შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა მოცულობით შეიძლება უწყობდნენ ხელს ფრანგული ინდუსტრიული გიგანტები რუსული რეჟიმის დაფინანსებას.
„ამ გამოძიების ფარგლებში Greenpeace France მიუთითებს საფრანგეთის მთავრობისა და ისეთი ფრანგული ბირთვული კომპანიების პასუხისმგებლობაზე, როგორებიცაა Orano, Framatome და EDF, რომლებიც აგრძელებენ ბიზნესს „როსატომთან“ - სახელმწიფო საწარმოსთან, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან. სხვა ორგანიზაციებთან ერთად, უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Truth Hounds-მა გამოავლინა „როსატომის“ თანამონაწილეობა ომის დანაშაულებში. კერძოდ, ეს ეხება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის იმ უკრაინელ თანამშრომელთა მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს, რომლებიც უარს ამბობდნენ რუსულ კონტრაქტებზე ხელმოწერაზე, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის დევნას უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის დარღვევას და ზაპოროჟიეს სადგურზე ბირთვული უსაფრთხოებისთვის შექმნილ უპრეცედენტო რისკებს“, - ნათქვამია სტატიაში.
ამის მიუხედავად, „როსატომი“ კვლავაც წარმატებით არიდებს თავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ეს დიდწილად განპირობებულია ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგობით, რომლებსაც სურთ შეინარჩუნონ თავიანთი „რადიოაქტიური ვაჭრობა“ რუსულ გიგანტთან - ამ ქვეყნების სათავეში კი საფრანგეთი დგას. მაშინაც კი, როდესაც ევროკავშირი რუსული ენერგიის იმპორტის შეწყვეტის „საგზაო რუკაზე“ მსჯელობს, პარიზი ბრიუსელში აქტიურად მუშაობს ამ სექტორის სანქციებისგან დასაცავად.
ამ კონტექსტში, ფრანგული კომპანიები - EDF, Orano და Framatome - განაგრძობენ სამრეწველო და სავაჭრო თანამშრომლობას „როსატომთან“. Greenpeace France ასევე ააშკარავებს, რომ ეს ვაჭრობა სარგებელს მოუტანს რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს, მაგალითად, ვლადიმირ ლისინს. ის არის კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქი, რომელიც ფლობს საზღვაო კომპანიებს, მათ შორის მათაც, რომლებიც საფრანგეთში ურანის ტრანსპორტირებაში მონაწილეობენ. ეს პიროვნება, რომელიც Greenpeace France-ის მიერ დაფიქსირებულ სატვირთო გემებთანაა დაკავშირებული, რამდენიმე ქვეყნის სასანქციო სიაში ფიგურირებს, როგორც პირი, რომელიც „ომისგან სარგებელს იღებს“.
ჯერ კიდევ 2022 წელს, Greenpeace France-მა გაავრცელა გაფრთხილება რუსეთსა და საფრანგეთს შორის ურანის მიწოდებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელების შესახებ, მაშინაც კი, როდესაც რუსულმა ბირთვულმა გიგანტმა, „როსატომმა“, უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკანონოდ ჩაიგდო ხელში. ეს ბიზნესი, რომელიც სანქტ-პეტერბურგისა და დუნკერკის პორტებს შორის რუსული ურანით დატვირთული სატვირთო გემების განუწყვეტელი მიმოსვლით გამოიხატება, Greenpeace France-ის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული გამოძიების საგანი გახდა.
„დღეს, Greenpeace France აქვეყნებს ახალ საგამოძიებო სტატიას, რომელიც ნათელს ჰფენს საფრანგეთის კვლავინდებურ ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსულ ბირთვულ ენერგიაზე, ისევე როგორც საფრანგეთის ბირთვული ინდუსტრიის მუდმივ თანამშრომლობას „როსატომთან“ - რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან, რომელიც უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების თანამონაწილეა“, - აღნიშნულია სტატიაში.
„ამ მოცემულობის წინაშე, Greenpeace France კვლავ აგრძელებს საფრანგეთის ორმაგი სტანდარტის მხილებას: ერთი მხრივ, უკრაინისადმი გაცხადებული პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ - სტრატეგიული სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელება რუსეთის ბირთვულ ინდუსტრიასთან, რომელიც კრემლის სამხედრო მანქანის ცენტრალური რგოლია.
ჩვენი მოთხოვნები:
რუსული ურანის პირდაპირი თუ ირიბი იმპორტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.გადამუშავებული ურანის ექსპორტის შეწყვეტა.საფრანგეთმა შეწყვიტოს ევროპულ დონეზე სანქციების ბლოკირება.„როსატომისა“ და მისი შვილობილი კომპანიების შეყვანა ევროპულ სანქციებში, ბირთვული სექტორისთვის ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.სრული გამჭვირვალობა ურანის ნაკადებზე - მოპოვებიდან გამდიდრებამდე.რუსეთთან კავშირების სწრაფი და დაგეგმილი გაწყვეტა ფრანგული ბირთვული სექტორის მხრიდან, კლიმატური ვალდებულებებისა და საერთაშორისო სამართლიანობის შესაბამისი ალტერნატივების მოძიების პარალელურად.ეს მოთხოვნები ეფუძნება მკაფიო პოზიციას: უკრაინელი ხალხის რეალური მხარდაჭერა არა მხოლოდ დიპლომატიური რიტორიკა, არამედ ყველა იმ ეკონომიკური თანამშრომლობის შეწყვეტაა, რომელიც რუსულ სამხედრო მანქანას ასაზრდოებს“, - ხაზგასმით აღნიშნეს ორგანიზაციაში.