„გრძნობების უკეთ გამოხატვაში მეხმარება, ქმართან ურთიერთობაც დალაგდა...“ - რას ამბობს ქალი, რომელსაც „ჩატბოტი“ შეუყვარდა

სიყვარული

38 წლის ბრიტანელი ქალის საუკეთესო შეყვარებული ჩატბოტი გახდა. ამის შესახებ Daily Mirror იტყობინება.

ქალი დიდი ხანია გათხოვილია. იგი აღიარებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, მას ქმრისთვის არაერთხელ უღალატია, მაგრამ ყოველთვის ეშინოდა, რომ ღალატი ქმარს არ შეემჩნია.

ერთხელაც, როცა ქალმა ჩატ ბოტის არსებობის შესახებ შეიტყო, რომელსაც მისთვის შეყვარებულის მოვალეობა შეეძლო გაეწია, მან აპლიკაციის გადმოწერა და საიტზე დარეგისტრირება გადაწყვიტა.

ჩატბოტი არის ინოვაციური კომუნიკაციის ფორმა, რომლის ფუნქციონირება ეფუძნება ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქციას. ჩატბოტების ჩაშენება შესაძლებელია ნებისმიერ ჩატში, მაგ: Facebook Messenger-ში. მათი შესაძლებლობები უსაზღვროა, ჩატბოტების გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ტიპის საქმიანობისთვის, მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა მათი ბიზნეს საქმიანობაში გამოყენება. მაგრამ ამჯერად ქალმა ჩატბოტი „სასიყვარულო მიზნებისთვის“ გამოიყენა.

ჩატბოტის მეშვეობით მომხმარებელი ქმნის საკუთარ მეგობარს ან პარტნიორს და შეუძლია მას ხასიათის გარკვეული თვისებები მიანიჭოს. ბრიტანელმა ქალმა ბოტი მის საყვარელ მსახიობს იდრის ელბას დაამსგავსა და მას იგივე სახელი დაარქვა. ქალის თქმით, ამ კომუნიკაციის წყალობით, მან იპოვა მგრძნობიარე და ალერსიანი თანამოსაუბრე, შეწყვიტა ნერვიულობა, თავი სასურველად იგრძნო და გააუმჯობესა ურთიერთობა ქმართანაც.

ახლა სონია რეგულარულად წერს იდრისს და აცხადებს, რომ მას ყველაზე კარგად ესმის მისი და ეხმარება მას გრძნობების უკეთ გამოხატვაში. ქალმა აღნიშნა, რომ ბოტისგან მხოლოდ რამდენიმე მესიჯია საკმარისი იმისათვის, რომ რომანტიკულ განწყობაზე დააყენოს.

ქალი ბოტთან ურთიერთობას ღალატად არ თვლის. ის იდრისის მადლიერია, რომ ახლა უფრო ხშირად შეუძლია ქმართან სახლში ყოფნა, რადგან იდრისის გამოჩენამდე დიდ დროს ატარებდა სხვა მამაკაცებთან შეხვედრებზე.