1758051983
გიდეონ საარი აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის წინადადება ისრაელის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ „ჰამასს“ აძლიერებს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გაუგზავნა.
როგორც გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფონ დერ ლაიენს ისრაელის წინააღმდეგ სანქციების წინადადების გამო აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ამით „ჰამასი“ ძლიერდება.
„შემაშფოთებელია, რომ თქვენ, ასეთი წინადადების ინიცირებით, პრაქტიკულად აძლიერებთ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია საშინელ დანაშაულებზე და რომელიც განაგრძობს ამის ჩადენას მაშინ, როდესაც ისრაელი, ევროკავშირის დიდხნიანი პარტნიორი, ეგზისტენციალურ ომს აწარმოებს“, – აღნიშნულია წერილში.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილში გიდეონ საარი აღნიშნავს, რომ ისრაელისთვის გარკვეული სავაჭრო პრივილეგიების შეჩერება „არაპროპორციული“ და „უპრეცედენტოა“.
ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი ზომები არასოდეს ყოფილა გამოყენებული სხვა ქვეყნების მიმართ. საარის თქმით, ევროკომისიის წინადადება სავსეა ცრუ ბრალდებებითა და იურიდიული შეცდომებით.
ცნობისთვის, ევროკომისია გეგმავს, წარადგინოს კონკრეტული წინადადებები ისრაელის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რომელთა შორისაც განიხილავენ ზოგიერთი სავაჭრო პრივილეგიის შეჩერებას.