ღაზის სექტორში შენობების 80 პროცენტი დანგრეული ან დაზიანებულია, იმისთვის, რომ ცხოვრება კვლავ შესაძლებელი გახდეს, საჭიროა 70 მილიარდი დოლარის გამოყოფა - გაერო-ს ანგარიში

ღაზის სექტორ

გაერო-ს განვითარების პროგრამის ანგარიშის თანახმად, ღაზის სექტორში მდებარე შენობა ნაგებობების 80% დანგრეული ან დაზიანებულია. ამასთან, ქალაქ ღაზაში ეს მაჩვენებელი 92%-ს აღწევს.

გაერო-ს განვითარების პროგრამის პრესსპიკერის თქმით, ღაზის სექტორში ნგრევა კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს. ორგანიზაციის განცხადებით, ღაზის სექტორიდან აუცილებელია 55 მილიონი ტონა ნანგრევების გატანა.

„გაერო-ს განვითარების პროგრამის“ თანამშრომლებმა თავად დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა ამ პროცესს ხელს უშლის ნანგრევებში ნაპოვნი საბრძოლო მასალა და ჭურვები, რომელთა გაუვნებელყოფა აუცილებელია.

ასევე მუდმივად ხდება გარდაცვლილთა ცხედრების ამოყვანა, რომელთა ამოცნობაც საჭიროა.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, გაერო-ს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის შეფასებით, იმისთვის, რომ ღაზაში ცხოვრება კვლავ შესაძლებელი გახდეს, საჭიროა 70 მილიარდი დოლარის გამოყოფა.