1755711092
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული ჩინეთს მოუწოდებს, მეტი ზეწოლა მოახდინოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, რათა დაუყოვნებლივ შეწყდეს ომი უკრაინაში.
„ჩინეთმა საბოლოოდ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ კონფლიქტის შეწყვეტაში აქტიური როლი უნდა შეასრულოს. სამწუხაროდ, ჩინეთს ეს ჯერ არ გაუკეთებია, მიუხედავად განმეორებითი მოწოდებებისა“, - განაცხადა ვადეფულმა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) გენერალურ მდივანთან, კაო კიმ ჰორნთან შეხვედრის შემდეგ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკინს მოუწოდა, „აიღოს აქტიური როლი ამ კონფლიქტის დასრულებაში და, კერძოდ, მოახდინოს პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე, რათა მან საბოლოოდ გამოავლინოს მოლაპარაკებების მზაობა“.
„ჯერჯერობით, რუსეთის მხრიდან უფრო მერყევ ქმედებებს ვხედავთ, თუ ვიმსჯელებთ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ბოლოდროინდელი განცხადებებით. მაგრამ თუ ჩინეთი შეცვლის ამ სტრატეგიას - და ამისთვის არასდროს არის გვიან - მაშინ შემიძლია წარმოვიდგინო ჩინეთის კონსტრუქციული როლი მომავალში“, - დასძინა გერმანელმა დიპლომატმა.