დაკავებულია დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი
1765472952
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამჟამად კონცენტრირებულია ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებზე და პრეზიდენტის ოფისის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხი პრიორიტეტულად არ მიაჩნია, – ამის შესახებ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„დღეს მე ორიენტირებული ვარ სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებაზე და, პირველ ყოვლისა, ამერიკელებთან მუშაობაზე. მესმის, რომ საზოგადოების ზოგიერთ წევრს ოფისის ხელმძღვანელის მიმართ კითხვები აქვს. თუმცა, გაკვირვებული ვარ, რომ ეს კონკრეტული საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გახდა, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ომის დასრულებასთან და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველა საკითხი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კანდიდატის შესარჩევად რამდენიმე კონსულტაცია გამართა. მისი თქმით, არის გარკვეული საორგანიზაციო დეტალები. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვაკანტურია ასევე ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრების პოსტები.
„პრიორიტეტია ომის დასრულება და ჩემი საერთაშორისო სამუშაო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე მსურველთა კოალიციასთან მუშაობაა. არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რომელზეც ვმუშაობ და მათგან ერთ-ერთი – ოფისის ხელმძღვანელის დანიშვნა, ნამდვილად არ არის პრიორიტეტული საკითხი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანდრეი ერმაკის გათავისუფლების შესახებ 28 ნოემბერს განაცხადა.