გაფართოება ახალი პირობებით - რა იცვლება ევროკავშირში და როგორ აისახება ეს გაწევრიანების პროცესზე

ევროკავშირის დროშა

ტრადიციად იქცა - როდესაც წევრების შეკრებაზე არაწევრი მიდის, მას გულთბილად ხვდებიან, უღიმიან და ემშვიდობებიან. ხელშესახებ დაპირებებს აქ იშვიათად გასცემენ, გარდა იმისა, რომ "კარი ღიაა."

მართალია, ევროკავშირის ეზოს ჭიშკარი ფორმალურად ყოველთვის ღია იყო, მაგრამ ევროპელი ლიდერები ირწმუნებიან, რომ დღეს ის ისევ ღიაა, როგორც არასდროს აქამდე.

თუმცა, პრობლემაც ამაშია, რომ მხოლოდ ღიაა... და მეტი არაფერი.

ერთგულება, კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ყველაზე ღირებული რამაა, თუმცა პოლიტიკაში ის ხშირად უსასრულო ლოდინს ნიშნავს. იაპონელი ძაღლის, ჰაჩიკოს მსგავსად, რომელიც ათწლეულები ელოდა თავის პატრონს მატარებლის სადგურზე. ელოდა და ბოლოს, ამ დარდმაც მოკლა.

მოკლედ, ევროპული პოლიტიკა ბევრი უცნაურობით გამოირჩევა. შეიძლება, ევროკომისია ამბობდეს, რომ ხსნის მოლაპარაკებებს უკრაინასთან, რაც მას სწრაფ გაწევრიანებაში დაეხმარება, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, ამბობს, რომ ეს ჯერ ვერ მოხდება. ევროსტრუქტურების ელიტური ჯგუფები ჯერ ამბობენ, რომ უკრაინას ბლოკში მიიღებენ, შემდეგ კი აღიარებენ, რომ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში მიმდინარე ომის დასრულების კონტურები ჯერ არ იკვეთება.

წევრ ქვეყანას ნათქვამის შესრულების მძლავრი ბერკეტები აქვს - 27-დან ნებისმიერს შეუძლია ევრობიუროკრატიის ვერდიქტი ვეტოთი გაყინოს. თუმცა ევროპელი ლიდერები უკვე მუშაობენ წესებზე, რომელთა მიხედვითაც, ეს ფუნდამენტური უფლება, რომელიც დღეს ყველა წევრს თანაბარ პირობებში აყენებს, ახლადშემოერთებულ სახელმწიფოებს - მათ შორის უკრაინას, მოლდოვასა თუ საქართველოს - უკვე შეზღუდული ექნებათ.

ევროპას ახალი წევრები სურს, თუმცა არა თანაბარი უფლებებით. სანამ ბრიუსელში ვეტოს უფლების ჩამორთმევასა და ბიუროკრატიულ ბარიერებზე მსჯელობენ, რეალობა ბრძოლის ველზე სრულიად სხვაგვარია: უკრაინა ომის მეოთხე წელსაც შეუპოვრად იბრძვის. კიევის უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოსკოვს მიაღწიეს და რუსეთის დედაქალაქი შავ კვამლში გახვიეს. სანამ მოსკოვი იწვის, დრონების მუდმივ ნაკადს, თავდაცვის უშედეგო მცდელობებით, ჩეჩენი კადიროველები ებრძვიან.

უკრაინელების სამხედრო სიმტკიცე, რომელიც დღეს მოსკოვის მისადგომებთანაც ჩანს, ისტორიულად, ყოველთვის მათი იდენტობის ნაწილი იყო, თუმცა ამ ისტორიას სისხლიანი ფურცლებიც ახლავს. ასეთია ვოლინის ტრაგედია, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელმა ნაციონალისტებმა ასიათასობით პოლონელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

კაროლ ნავროცკი, პოლონეთის პრეზიდენტი, დიდი ხანია, უკრაინისგან ითხოვს, მოხდეს ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაცია და მიცვალებულებისთვის პატივის მიგება. პასუხად, კიევიდან მხოლოდ დუმილი ისმის, ან, კიდევ უარესი - მაგალითად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახლა ამ დაჯგუფებას საპატიო ჯილდო მიანიჭა. ამიტომ, ნავროცკის გადაწყვეტილება პრინციპული და ხისტია. "მე მივიღე გადაწყვეტილება, უკრაინის პრეზიდენტს ჩამოერთვას "თეთრი არწივის" ორდენი", - განაცხადა მან.

ამ განაცხადს დაპირისპირება მოჰყვა კიევსა და ვარშავას შორის. ერთი მეორეს მიყოლებით, უკრაინელი მაღალჩინოსნები უარს ამბობენ სხვადასხვა დროს პოლონეთის მთავრობის მიერ მინიჭებულ ჯილდოებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ "თეთრი არწივის" ორდენი - პოლონეთის უმაღლესი ჯილდო ნავროცკის სახელზე, საფოსტო ბანდეროლით გააგზავნა.

ვიდრე მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დრამატულად ვითარდება, კიდევ ერთი მეზობლის ახალი მამასახლისი იღებს გადაწყვეტილებას, რომ უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება არ უნდა მოხდეს და ამ ინიციატივას ბლოკავს. საუბარია უნგრეთზე და პეტერ მადიარზე.

გზაშია კიდევ ერთი ვეტო. ბულგარეთის ახალი პრემიერ-მინისტრი არ აპირებს, ევროკავშირს რუსეთისთვის სანქციების მორიგი პაკეტის დაწესების შესაძლებლობა მისცეს. რუმენ რადევი, რომლის მთავრობამაც კიევს სამხედრო დახმარება ერთი კვირის წინ უკვე შეუწყვიტა, სანქციების დაბლოკვის მიზეზად სახელმწიფო ინტერესებს ასახელებს.

ერთი მხრივ, ისტორიული სამართლის ძიება, მეორე მხრივ, ომის პრაგმატიზმი და, მესამე მხრივ, ევროპული ერთობის კრიზისი - უკრაინას დღეს ომი არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ დიპლომატიურ პარტერშიც აქვს, სადაც მეგობრებიც კი, ხშირად, ისტორიულ აჩრდილებს მეტად ენდობიან, ვიდრე მომავლის უსაფრთხოების გარანტიებს.