გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 85%-ით გაიზარდა

უკრაინა

გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 85%-ით გაიზარდა.

გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისია ახალ ყოველთვიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ გასულ თვეში განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 328 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 2 105 ადამიანი დაშავდა.

გაეროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არის სექტემბრის თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ.

„სექტემბერში რუსეთის ფედერაციის მხრიდან თავდასხმების გაძლიერება მთელი უკრაინის მასშტაბით გახდა 2026 წლის ტენდენციის გაგრძელება, როდესაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მნიშვნელოვნად აღემატებოდა წინა წლების მაჩვენებლებს, რამაც სამოქალაქო პირებისთვის დამანგრეველი შედეგები მოიტანა“, - ნათქვამია მონიტორინგის მისიის განცხადებაში.

გაეროს ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის საერთო რაოდენობა თითქმის 60%-ით მაღალი იყო, ვიდრე 2025 წლის იმავე პერიოდში, ხოლო 2024 წლის მაჩვენებელს ორზე მეტჯერ გადააჭარბა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით უკრაინაში 2 570 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 211 დაშავდა.

✕