გადავწყვიტე, განვაგრძო მუშაობა პრემიერ-მინისტრის რანგში, ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ამის გარანტიის მოცემა შემიძლია - პედრო სანჩესი

პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, მან პრემიერ-მინისტრის რანგში მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა.

„გადავწყვიტე, განვაგრძო მუშაობა პრემიერ-მინისტრის რანგში. ყველაფერი სხვაგვარად იქნება და ამის გარანტიის მოცემა შემიძლია. სწორედ ამიტომ ვიღებ თქვენს წინაშე ვალდებულებას, ვიმუშაო შეუსვენებლად, მტკიცედ და სიმშვიდით ჩვენი დემოკრატიის აღორძინებისთვის. ასევე უფლებებისა და თავისუფლებების წინსვლისა და კონსოლიდაციისთვის“,- განაცხადა სანჩესმა.

პედრო სანჩესმა გასულ კვირას სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ მან საჯარო მოვალეობების შესრულება შეაჩერა. აღნიშნული განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც სასამართლომ მისი მეუღლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. სანჩესი თავის მეუღლეს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„მე და ჩემმა მეუღლემ ვიცით, რომ ეს ცილისწამების კამპანია არ დასრულდება. ათი წელია, ვიტანჯებით. ეს სერიოზულია, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ შეგვიძლია მისი დამარცხება. რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ჩვენ გვინდა გულით მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვისა და თანაგრძნობისთვის, რომელიც მივიღეთ“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თანამდებობაზე დარჩენის მოთხოვნით მადრიდში ათასობით მოქალაქემ დემონსტრაციაც გამართა.

პედრო სანჩესი ხელისუფლებაში 2018 წლიდან იმყოფება.