ფრიდრიხ მერცი ვარაუდობს, რომ შეერთებული შტატები „როსნეფტის“ გერმანულ განყოფილებას სანქციებისგან გაათავისუფლებს

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ვარაუდობს, რომ აშშ „როსნეფტის“ გერმანულ განყოფილებას სანქციებისგან გაათავისუფლებს.

მისი თქმით, საკითხი ამერიკელებთან განიხილება.

„ამ საკითხს ამერიკელებთან განვიხილავთ. ვვარაუდობ, რომ „როსნეფტი“ გათავისუფლდება სანქციებიდან“, – განაცხადა მერცმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„როსნეფტის“ გერმანულ ბიზნესს გერმანიის ხელისუფლება აკონტროლებს, მაგრამ ის რუსეთის საკუთრებაა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. ახალი სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდას და კრემლის შესაძლებლობების შეზღუდვას, რომ ომის გასაგრძელებლად შემოსავალი მიიღოს.