ფრიდრიხ მერცი: გერმანიას სურს შენგენის ზონის შენარჩუნება, თუმცა მისი ბოროტად გამოყენება არ უნდა მოხდეს მიგრანტების უკანონო გადაყვანაში ჩართული კრიმინალების მიერ

ფრიდრიხ მერცი

გერმანიას სურს შენგენის ზონის შენარჩუნება, თუმცა მისი ბოროტად გამოყენება არ უნდა მოხდეს მიგრანტების უკანონო გადაყვანაში ჩართული კრიმინალების მიერ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ლუქსემბურგის ლიდერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს შენგენის ზონის შენარჩუნება, თუმცა შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილება იმუშავებს გრძელვადიანად იმ შემთხვევაში, თუ მისი ბოროტად გამოყენება არ მოხდება მათ მიერ, ვინც ხელს უწყობს უკანონო მიგრაციას, კერძოდ, ვინც დაკავებულია მიგრანტების უკანონო გადაყვანით“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

ფრიდრიხ მერცმა ასევე განაცხადა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობს პოლონეთთან სასაზღვრო კონტროლის კუთხით.

„დონალდ ტუსკსა და მე, ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის არის ძალიან მჭიდრო, კოლეგიალური და მეგობრული თანამშრომლობა, რადგან ჩვენ გვსურს, საერთო პრობლემა ერთად გადავჭრათ“, – აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.