ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვაშინგტონში მოკლული ისრაელის საელჩოს თანამშრომლებიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, გერმანიის მოქალაქეა

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ვაშინგტონში მოკლული ისრაელის საელჩოს თანამშრომლებიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, გერმანიის მოქალაქეა.

„მკაცრად ვგმობთ მომხდარს. ჩვენი ფიქრები მსხვერპლთა ოჯახებთან არის, ასევე მთლიანად საელჩოს პერსონალთან“, – განაცხადა მერცმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა აქტიურად მუშაობს ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერებაზე.

„ჩვენ ვეხმარებით ნატო-ს მთელი აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაში და, რა თქმა უნდა, მზად ვართ, უკრაინის არმიას დამატებითი სამხედრო დახმარება გავუწიოთ. ფინანსური რესურსების ნაკლებობა ამას ხელს ვერ შეუშლის“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ამასთან, უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია და მისი მოკავშირეები აქტიურად მუშაობენ ომის დასრულებისა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზებზე.

„კვლავ განვაგრძობთ განხილვას, როგორ შეგვიძლია უკრაინისთვის ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ცნობისთვის, ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მამაკაცსა და ქალზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი ებრაულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ტოვებდნენ. ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მამაკაცი „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.