„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც აშშ-ში მუშაობენ, შიშობენ, რომ მათი სამუშაო პირობები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუარესდეს, - წერს ფრანგული გამოცემა France 24-ი.
„მოძრაობა MAGA-ს (Make America Great Again) ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან უკვე კრიტიკის სამიზნედ ქცეული უცხოელი ჟურნალისტები შიშობენ, რომ აშშ-ში მათთვის მუშაობის პირობები გამკაცრდება. ამის მიზეზი დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული რეფორმაა, რომელიც უცხოელი ჟურნალისტებისთვის ვიზის ხუთწლიან ვადას 240 დღემდე შეამცირებს. ჩინელი კორესპონდენტებისთვის კი ვადა სულაც 90 დღით განისაზღვრება“, - ნათქვამია სტატიაში.
სამშაბათს, ამერიკის პრეზიდენტმა ოჯახის ფინანსურ საქმეებში მისი ჩართულობის შესახებ კითხვის დასმისას, ჟურნალისტს ჰკითხა: „საიდან ხართ?“. როდესაც შეიტყო, რომ რეპორტიორი ავსტრალიელი იყო, დონალდ ტრამპი მიუბრუნდა მას: „თქვენ დიდ ზიანს აყენებთ ავსტრალიას... თქვენი ლიდერი ძალიან მალე მესტუმრება. მე მას თქვენზე დაველაპარაკები. თქვენი ტონი საერთოდ არ მომწონს“.
ამ დიალოგს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, როგორც ვაშინგტონში მოღვაწე ერთ-ერთი უცხოური მედიის კორესპონდენტი აცხადებს, „როდესაც ტრამპი თავს ესხმის ჟურნალისტს, მნიშვნელობა არ აქვს ის უცხოელია თუ ამერიკელი“.
პრეზიდენტის თავდასხმებზე მეტად, ჟურნალისტებს მისი ის გეგმა აშფოთებთ, რომელიც უცხოური მედიის წარმომადგენლებისთვის თავდაპირველი ვიზის ხანგრძლივობას ხუთი წლიდან 240 დღემდე ამცირებს.
ასამდე საერთაშორისო მედიამ და პრეს-ორგანიზაციამ, მათ შორის France Médias Monde-მა, ღია წერილში განაცხადეს, რომ ეს „შეამცირებს ამერიკული ამბების გაშუქების რაოდენობასა და ხარისხს“.
„ეს კოშმარი იქნება“, - ამბობს უცხოელი ჟურნალისტი. „როგორ უნდა იქირავო საცხოვრებელი, აიღო მართვის მოწმობა, მიიყვანო შვილი სკოლაში 240-დღიანი ვიზით?“, - ამბობს ის და ხაზს უსვამს, რომ „წყაროების ქსელის შესაქმნელად“ და აშშ-ის გასაგებად „დროა საჭირო“.
კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელიც ევროპული მედიის კორესპონდენტია, აღნიშნავს, რომ „ეს ძალიან საგანგაშო საერთო სურათის ნაწილია“. ის ამბობს, რომ „თეთრ სახლს მხოლოდ ისეთი ჟურნალისტები მოსწონს, რომლებიც მის თემებზე მუშაობენ ან იმდენად ეწევიან თვითცენზურას, რომ მიმდინარე მოვლენები ჩვეულებრივად წარმოაჩინონ“ და არ აქვს მნიშვნელობა, საიდან არიან ისინი.
„პრესის თავისუფლება საზღვრებზე არ მთავრდება. ის კორესპონდენტებზეა დამოკიდებული, რომლებსაც აქ მუშაობა ისე შეუძლიათ, რომ არ ეშინოდეთ, რომ მათი დრო შეზღუდულია“, - განაცხადა National Press Club-ის პრეზიდენტმა, მაიკ ბალსამომ.
მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული კორესპონდენტები თავად თეთრი სახლის მხრიდან განსაკუთრებულ მტრობას არ აღნიშნავენ, ისინი ხაზს უსვამენ, რომ მოძრაობა MAGA-ს პოლიტიკური ფიგურები უცხოელ ჟურნალისტებს კონკრეტულად უმიზნებენ.
რიჩარდ გრენელმა, დონალდ ტრამპის დესპანმა, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ X-ზე მოუწოდა გერმანული საზოგადოებრივი ტელევიზიის ZDF-ის ჟურნალისტისთვის ვიზის გაუქმებისკენ.
„აშშ-ში ამგვარი აგიტატორებისთვის ადგილი არ არის“, - დაწერა მან და გააკრიტიკა რეპორტიორის ვიდეო, რომელიც თეთრი სახლის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მრჩეველს, სტივენ მილერს ეხებოდა.