Ford-ის ქარხნის თანამშრომელი, რომელმაც დონალდ ტრამპს „პედოფილების დამცველი“ უწოდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

Ford-ის ქარხანა

Ford-ის ქარხნის თანამშრომელი, რომელმაც დონალდ ტრამპს „პედოფილების დამცველი“ უწოდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. 40 წლის თიჯეი საბულა აცხადებს, რომ საკუთარ საქციელს არ ნანობს.

„რაც შეეხება მის შეურაცხყოფას, ნამდვილად არ ვნანობ“, – განუცხადა საბულამ „ვაშინგტონ პოსტს“.

მისი თქმით, ტრამპისგან დაახლოებით 60 ფუტის (18 მეტრი) დაშორებით იდგა და პრეზიდენტს მისი ხმა „ძალიან, ძალიან, ძალიან ნათლად“ ესმოდა.

„არ მგონია, ბედი ხშირად გაძლევდეს ასეთ შანსს და როცა გაძლევს, უნდა შეძლო მისი გამოყენება. ვფიქრობ, დღეს ეს შევძელი“, – განაცხადა თიჯეი საბულამ.

ცნობისთვის, Ford-ის ქარხანაში ვიზიტის დროს ქარხნის თანამშრომელმა, თიჯეი საბულამ აშშ-ის პრეზიდენტს „პედოფილების დამცველი“ უწოდა. ტრამპმა კი, მამაკაცს უხეშად უთხრა, გაჩუმებულიყო, შემდეგ კი მას შეაგინა და შუა თითი აჩვენა.

მოგვიანებით ინციდენტს თეთრი სახლი გამოეხმაურა. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩუნგმა ქარხნის თანამშრომელს „გიჟი“ უწოდა.

როგორც ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, საბულა სავარაუდოდ, ტრამპის ჯეფრი ეპშტეინთან ურთიერთობას გულისხმობდა.