1788364297
ფონ დერ ლაიენი და რუტე: ევროკავშირი და ნატო არ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას ევროპულ ქვეყნებზე განხორციელებული იმ თავდასხმების მიუხედავად, რომლებშიც ბრალი რუსეთს ედება
ევროკავშირი და ნატო არ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას ევროპულ ქვეყნებზე განხორციელებული იმ თავდასხმების მიუხედავად, რომლებშიც ბრალი რუსეთს ედება, - განაცხადეს ოთხშაბათს ამ ორი ინსტიტუტის ხელმძღვანელებმა.
ეს იშვიათი ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გერმანიამ განაცხადა, რომ რუსეთი იდგა იმ აეროპორტზე დაგეგმილი თავდასხმის უკან, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების მთავარ ლოგისტიკურ ჰაბად გამოიყენება.
„ეს იყო სამხედრო დანიშნულების მასალის გამოყენებით ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსი აგენტების მიერ განხორციელებული თავდასხმა - ჩვენ ამას არ შევეგუებით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „თუ ამის მიზანი უკრაინის მხარდაჭერაზე ჩვენი დაფიქრება იყო, შემიძლია გითხრათ, რომ ამან ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ გაამყარა - დაშინება ვერ იმუშავებს“.
„თუ რუსეთს ჰგონია, რომ ამ საფრთხით გაგვთიშავს, ან თუ ფიქრობს, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე ხელს ავიღებთ, ის ცდება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ. - „ჩვენი ერთიანობა ურყევია, უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა კი - ნათელი და ცალსახა“.
მან რუსეთის ნაბიჯები მკაცრად გააკრიტიკა და მათ „უპასუხისმგებლო“ უწოდა. რუტემ ყურადღება გაამახვილა ნატოს საჰაერო სივრცეში „დრონებისა და რაკეტების“ შეჭრაზე, „დივერსიულ ქმედებებზე“ - უკრაინისთვის განკუთვნილი თავდაცვითი ტექნიკის საწარმოებში ხანძრების გაჩენაზე, და რუსეთის „ჰიბრიდულ თავდასხმაზე“ აღმოსავლეთ გერმანიაში, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტზე.
„საფრთხეები, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს, ნათელია“, - განაცხადა რუტემ.










