„ფაინენშელ თაიმსი”: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან საუბრის უმეტესი ნაწილი პუტინმა შუა საუკუნეების სლავური ისტორიის მოყოლას დაუთმო

ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები

„ფაინენშელ თაიმსი” წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 27 ოქტომბერს ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის უმეტესი ნაწილი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შუა საუკუნეების სლავური ისტორიის მოყოლას დაუთმო.

მედიის სამი წყაროს ცნობით, რომლებიც საუბრის შინაარსს იცნობენ, ომის დასრულების გზებზე მსჯელობის ნაცვლად, პუტინმა ევროპელ ლიდერებს ვრცელი მონოლოგი წარუდგინა იმის შესახებ, რასაც კრემლი „კონფლიქტის საწყის მიზეზებს” უწოდებს.

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის თქმით, სატელეფონო საუბარი თავდაპირველად ნახევარ საათზე ნაკლებ დროზე იყო გათვლილი, თუმცა 90 წუთს გაგრძელდა.

წყაროების ცნობით, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რაც უკრაინის მთავარი მოთხოვნაა, საუბრისას თითქმის არ განხილულა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, სტუბმა და სტორემ გადაწყვიტეს, პუტინისთვის საუბარი არ შეეწყვეტინებინათ, რათა გაეგოთ, რამდენად სერიოზულად იყო ის განწყობილი ევროპასთან დიალოგისთვის.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოგვიანებით ორივე ლიდერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა. ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პუტინთან საუბრისას აბუ დაბიში დაგეგმილი შეხვედრების საკითხიც განიხილეს. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მომლაპარაკებლები ნოემბრის დასაწყისში აბუ დაბიში ტექნიკური დონის შეხვედრების გამართვაზე შეთანხმდნენ.

✕