„ფაინენშალ თაიმსი“: მარკ რუტემ ირანის წინააღმდეგ ომში დონალდ ტრამპის უპირობო მხარდაჭერით ევროპელი ლიდერები გააღიზიანა

მარკ რუტე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ირანის წინააღმდეგ ომში დონალდ ტრამპის უპირობო მხარდაჭერით ევროპელი ლიდერები გააღიზიანა, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ აქვეყნებს სტატიას.

როგორც სააგენტო დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რუტეს წინადადებამ, რომ ევროპელი მოკავშირეები საბოლოოდ „გაერთიანდნენ“, რათა უპასუხონ აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებას ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ძალების განლაგების შესახებ, რამდენიმე ევროპული დედაქალაქის ოფიციალური პირები გააღიზიანა. „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, აღნიშნულმა გაამწვავა დაძაბულობა ნატო-ში იმის შესახებ, რამდენად შორს უნდა წავიდეს ალიანსი აშშ-ის მიმართ დათმობებზე.

„ჩვენ ეს ძალიან უხერხულ და არაკომფორტულ მდგომარეობაში გვაყენებს. გვინდა, გამოვავლინოთ მზადყოფნა, მაგრამ ასევე სიმართლეა, რომ ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რაიმე ფორმით ჩავერიოთ კონფლიქტში“, – აღნიშნა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა გამოცემასთან.

„ფაინენშალ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ ევროპის შეშფოთება კონფლიქტის გამო, რომელმაც ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება რუტეს კომენტარებს, რომელიც რეგულარულად ცდილობს ტრამპის შექებას.

„ის ამას მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აკეთებს. საკმაოდ ლოგიკურია, რომ ევროპულ ქვეყნებს შეთანხმების მისაღწევად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ“, – განაცხადა რუტემ კვირას, ირანის დაბომბვის შესახებ ტრამპის გადაწყვეტილების კომენტირებისას.