ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი განცხადებას ავრცელებს
1761070130
რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ გეგმას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარს უჭერენ.
„ჩვენ ყველას გვაერთიანებს სურვილი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისა, რომელსაც უკრაინელი ხალხი იმსახურებს. ჩვენ მკაფიოდ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომ ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ფრონტის არსებულ ხაზზე, ხოლო შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. ჩვენ ვრჩებით ერთგულნი პრინციპისა, რომ საერთაშორისო საზღვრების შეცვლა ძალით არ შეიძლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, პოლონეთის მთავრობის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი.
ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ დროის გაწელვამ აჩვენა, რომ უკრაინა ერთადერთი მხარეა, რომელიც მშვიდობის დამყარებაზეა ორიენტირებული. „ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ პუტინი კვლავ ძალადობასა და ნგრევას ირჩევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„მაშასადამე, ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტამდე, ცეცხლის შეწყვეტის დროს და მის შემდეგ ძლიერ პოზიციაში უნდა იმყოფებოდეს. ჩვენ რუსეთის ეკონომიკასა და თავდაცვის მრეწველობაზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, სანამ პუტინი მშვიდობისთვის მზად არ იქნება. ჩვენ ვცდილობთ შევიმუშაოთ მექანიზმი, რომლის წყალობითაც გაყინული რუსული აქტივები უკრაინის საჭიროებებს მოხმარდება“, - წერენ ევროპული ქვეყნების ლიდერები.
განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ მიმდინარე კვირას ევროპული საბჭოსა და „მსურველთა კოალიციის“ ფორმატების ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე შეხვედრა გაიმართება.