ევროკავშირმა უკრაინას ოთხ მილიარდ ევროზე მეტი გადაურიცხა

ევროკავშირი და უკრაინა

ევროკავშირმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღის წინ, 4,05 მილიარდი ევრო გადაურიცხა.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც 22 აგვისტოს გამოქვეყნდა.

„ეს დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას არა მხოლოდ უკრაინის აღდგენის მიმართ, არამედ მისი მომავლის მიმართ, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნისა”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ აღნიშნა 3,05 მილიარდი ევრო გამოყოფილია პროგრამა Ukraine Facility-ის ფარგლებში უკრაინის აღსადგენად, კიდევ მილიარდი ევრო კი – ERA Loans-ის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით.

„ეს მხარდაჭერა აძლიერებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე აღდგენის პროცესს. მადლობა ევროპელ პარტნიორებს,“ – დაწერა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თავის ტელეგრამ-არხში.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე 24 აგვისტოს აღინიშნება.