ილია თოფურიამ დუმილი დაარღვია - რას წერს UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი
1765801909
ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.
„როიტერის“ ცნობით, სანქციების მიზეზი ბელარუსიდან მეტეოროლოგიური ბუშტების ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრაა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა და ლიეტუვის უსაფრთხოებას საფრთხე არაერთხელ შეუქმნა.
„დღეს ევროკავშირის საბჭომ წარმოადგინა ახალი კრიტერიუმი იმ პირების, ერთეულებისა და ორგანოების სიისთვის, რომლებიც სარგებლობენ, ჩართული არიან ან ხელს უწყობენ ბელარუსის რესპუბლიკისთვის განკუთვნილ ქმედებებს ან პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებში. დღევანდელი გადაწყვეტილება მოჰყვა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში მეტეოროლოგიური ბუშტების ბოლოდროინდელ შეჭრას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი კრიტერიუმი საშუალებას მისცემს ევროკავშირს, დააწესოს შემზღუდავი ზომები იმ პირების მიმართ, რომლებიც გეგმავენ, ხელმძღვანელობენ, ეწევიან მხარდაჭერას ან ხელს უწყობენ უცხოური ინფორმაციის მანიპულირებას და ჩარევას.
გარდა ამისა, ევროკავშირს შეეძლება სანქციების დაწესება იმ პირებისა და ერთეულების მიმართ, რომლებიც ჩართული არიან ქმედებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკური საქმიანობის ან საზოგადოებრივი ინტერესების მომსახურების ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას.
პარალელურად კი, 13 დეკემბერს აშშ-მა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა. საპასუხოდ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 123 პატიმარი გაათავისუფლა. მათ შორის არიან ოპოზიციონერი აქტივისტი მარია კოლესნიკოვა და ასევე ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკიც.