ევროკავშირის ქვეყნებმა საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეაჯერეს

საიმიგრაციო

ევროკავშირის ქვეყნებმა საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციების შეჯერება შეძლეს. კერძოდ კი, შეჯერდნენ თავშესაფრის მინიჭების ახალ წესებზე, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ერთიან სიასა და უკანონო მიგრანტების დაბრუნების საერთო ევროპულ პოლიტიკაზე.

როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, ახლა საბჭო თავის პოზიციას ევროპარლამენტს წარუდგენს, რათა შეათანხმონ საბოლოო სამართლებრივი დოკუმენტი.

ევროპარლამენტს ჯერჯერობით დოკუმენტის ფინალური ვერსია არ შეუთანხმებია, თუმცა საბოლოო დოკუმენტი იმავე ელემენტებს შეიცავს.

თავშესაფრის შესახებ წესების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყანას შესაძლებლობა ექნება, არ დააკმაყოფილოს თავშესაფრის შესახებ განაცხადი, თუ პირს შესაძლოა, მიეღო დაცვა ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირი უსაფრთხოდ მიიჩნევს.

წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები ასევე ჩაითვლებიან „უსაფრთხო“ ქვეყნებად თავშესაფრის მაძიებელთათვის, ისევე როგორც ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, ინდოეთი, კოსოვო, მაროკო და ტუნისი.

საბჭო ასევე შეთანხმდა ერთიან პოზიციაზე მიგრანტების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ახალი წესების მიხედვით, მიგრანტებს, რომლებიც ნებაყოფლობით არ დატოვებენ ქვეყანას, შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოთ. მომავალში ასევე იგეგმება „დაბრუნების ცენტრების“ შექმნა.