ევროკავშირი ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს

ევროკავშირი

 ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში დღეს საგანგებო სხდომა გაიმართება. შეხვედრა სოციალურ ქსელში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა დააანონსა და ირანის მიერ მეზობელ ქვეყნებზე იერიშებს გამოეხმაურა.

„სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვარ. ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩართვის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ. ირანის რეჟიმს არჩევანი აქვს გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია, რომ ომი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს“, - წერს კალასი.

აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.