Euronews: ევროპელი ლიდერები კიევში ზელენსკის შეუერთდნენ, სადაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ცერემონიას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი, არ დაესწრნენ

ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროპელი ლიდერები კიევში ზელენსკის შეუერთდნენ, სადაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ცერემონიას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი, არ დაესწრნენ, - წერს Euronews.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ენდი ბერნემი, თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტის ფარგლებში, კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასა და სხვა მაღალი რანგის ევროპელ ოფიციალურ პირებს შეუერთდა, რათა მონაწილეობა მიეღო საზეიმო ღონისძიებებსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ მოლაპარაკებებში.

ლიდერები ასევე მართავენ შეხვედრას „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი დისტანციურად იღებენ მონაწილეობას.

ზამთრის დადგომამდე კიევი მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვის დამატებითი რაკეტების გამოყოფას აქტიურად ითხოვს.

ევროკავშირმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ უზრუნველყოფს 6.1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს.

ზელენსკისთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად სიტყვით გამოსვლისას, ანტონიუ კოშტამ მადლობა გადაუხადა უკრაინელ ხალხს „სიმამაცისთვის“, რომელზეც თქვა, რომ „მსოფლიოს შთააგონებს“.

კიევში განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლების არყოფნა.

დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უკრაინაში არ ჩასულან, მიუხედავად გავრცელებული ვარაუდისა, რომ დამოუკიდებლობის დღეს შესაძლოა მათი პირველი ვიზიტი შემდგარიყო.

აშშ-ის ადმინისტრაციის დიპლომატიურ ძალისხმევაში წამყვანი როლის დაკავების შემდეგ, არცერთი მათგანი კიევში არ ჩასულა - მიუხედავად რუს ოფიციალურ პირებთან გამართული შეხვედრებისა და უიტკოფის მიერ მოსკოვში განხორციელებული რვა ვიზიტისა.