ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
ევროკავშირი ახალი ენერგეტიკული კრიზისის პერსპექტივის წინაშე დგას მაშინ, როდესაც აშშ-ისა და ისრაელის ომმა ირანთან გაზის ბაზრები შეარყია, - წერს Euronews.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ - დაარტყას ირანს, მიაღწიოს რეჟიმის ცვლილებას და გარდაქმნას ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში - გააღვიძა ის მრისხანე აჩრდილი, რომელიც ევროკავშირს სამუდამოდ განდევნილი ეგონა: ენერგეტიკული კრიზისი“, - ნათქვამია სტატიაში.
ომმა გაზის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რამაც ინვესტორებში პანიკა, ხოლო მთავრობებში შფოთვა დათესა.
სამშაბათს, ევროპის სავაჭრო ჰაბზე გაზის ფასმა შეადგინა 54.3 ევრო მეგავატ-საათზე, რაც მკვეთრი ნახტომია პარასკევის მაჩვენებელთან (31.9 ევრო) შედარებით.
ფასების ამ ზრდას ხელი შეუწყო შემაშფოთებელი მოვლენების თანხვედრამ, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კატარის გადაწყვეტილება - ირანის საპასუხო დარტყმების კვალდაკვალ შეეჩერებინა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება. კატარი მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.
ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან ენერგორესურსების ექსპორტის სასიცოცხლო მარშრუტია, და ტრამპის რწმენამ, რომ აშშ-ის არმიას შეუძლია გაცილებით დიდხანს გააგრძელოს ინტენსიური იერიშები, ვიდრე მის მიერ თავდაპირველად ნავარაუდები ხუთი კვირაა, ბაზრებზე არასტაბილურობა კიდევ უფრო გაამწვავა.
ევროკავშირის ლიდერები უკვე სრულ მზადყოფნაში არიან. ნიდერლანდების ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზად იქნება მიიღოს დამატებითი ზომები „საჭიროების შემთხვევაში“.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, რომლის ქვეყანაც კონტინენტზე ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფებით სარგებლობს, განაცხადა, რომ მისი მთავრობა განიხილავს „სხვადასხვა სცენარსა და შესაძლო ზომას შინამეურნეობების, დასაქმებულების, ბიზნესებისა და თვითდასაქმებულების დასახმარებლად, რათა ამ გზით შეამსუბუქოს ამ კონფლიქტის ეკონომიკური გავლენა“, თუკი ვითარება გაუარესდება.
ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტელემიმართვისას განაცხადა, რომ იგი შეეცდება შექმნას საერთაშორისო კოალიცია სამხედრო რესურსების გამოყენებით, რათა დაიცვას საზღვაო მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში, სუეცის არხსა და წითელ ზღვაში.
„ჩვენ გვაქვს დასაცავი ეკონომიკური ინტერესები, რადგან ნავთობისა და გაზის ფასები, ისევე როგორც საერთაშორისო ვაჭრობის მდგომარეობა, ამ ომის გამო ძირეულად შეირყა“, - განაცხადა მაკრონმა.
ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ბლოკი კვლავ კარგად არის მომარაგებული, რადგან მათი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის უდიდესი ნაწილი - დაახლოებით 58% - აშშ-ზე მოდის, ხოლო კატარზე მხოლოდ 8%.
თუმცა, თუ ირანში ომი დროში გაიწელება და კატარში წარმოება კვლავ შეჩერებული იქნება, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია და ინდოეთი - რომლებიც კატარული თხევადი ბუნებრივი აირის მთავარი მომხმარებლები არიან - სხვა გზა არ დარჩებათ, გარდა იმისა, რომ ალტერნატივის საძიებლად აშშ-ს მიმართონ.
ამერიკული წარმოების თხევად ბუნებრივ აირზე კონკურენციის ზრდა ევროპასა და აზიას ერთმანეთთან დააპირისპირებს, რაც ფასებს გაზრდის.