ესტონეთის პრეზიდენტი: ევროპამ უკრაინის ომთან დაკავშირებით 2022 წელს შეცდომა დაუშვა

ესტონეთის პრეზიდენტი

ევროპამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა დაკარგა, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა. მისი თქმით, ეს შეცდომა ევროპამ 2022 წლის გაზაფხულზე დაუშვა.

„როცა რუსული ჯარები უკუაგდეს კიევის მისადგომებიდან, რუსულ ტერიტორიამდე, ევროპას ჰქონდა საშუალება, აგრესორი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაესვა. ახლა მოლაპარაკებების მაგიდასთან არავინ ჯდება“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპამ როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების, ისე ომის შემდგომი პერიოდისთვის გეგმა უნდა შეიმუშაოს.

„ევროკავშირმა უკრაინაში მართლაც ბევრი ჩადო. შეუძლებელია მოხდეს ისე, რომ როცა დრო მოვა, მოლაპარაკებების მაგიდასთან აღმოჩნდნენ აშშ, რუსეთი და, სავარაუდოდ, მესამე სახელმწიფო, ხოლო ევროპა იქ არ იყოს“, - დასძინა კარისმა.

ის ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობები ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება გაფუჭებული, მიუხედავად იმისა, ომი უკრაინაში დასრულდება, თუ არა. როგორც ესტონეთის ლიდერმა აღნიშნა, მთავარია რუსეთი შეიცვალოს. ევროპის უახლეს ისტორიაში რამდენიმე ასეთი მაგალითი არსებობს.

„ნაცისტური გერმანია აგრესორი სახელმწიფო იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ქვეყნის ხელმძღვანელობა დასაჯეს, გერმანია შეიცვალა. მას ნატოსა და ევროკავშირში შესასვლელად ათი წელიც არ დასჭირდა“, - თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა.