ესპანეთში ტემპერატურა +46°C დაფიქსირდა

რეკორდული სიცხე

გასული კვირის ბოლოს ევროპული კონტინენტის დიდი ნაწილი ძლიერმა სიცხემ მოიცვა - მრავალი ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო გაფრთხილებები გამოაქვეყნა, ტემპერატურა კი განაგრძობს ზრდას და შესაძლოა, ახალი რეკორდები მოხსნას.

ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (AEMET) განაცხადა, რომ შაბათს სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში, ანდალუსიის ავტონომიურ ერთეულში მდებარე ელ-გრანადოს ქალაქში ჰაერის ტემპერატურა +46°C გრადუსს მიაღწია - ეს შესაძლოა გახდეს ივნისის ახალი რეკორდი ამინდზე დაკვირვებების ისტორიაში.

ბარსელონაში გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა - ქალი, რომელიც ქუჩას ალაგებდა შაბათს ძლიერი სიცხის ფონზე დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლება ამ ფაქტს იძიებს.

პორტუგალიის, იტალიისა და ხორვატიის ზოგიერთ რეგიონში მოქმედებს საფრთხის წითელი დონე; გაფრთხილებები გამოცხადებულია აგრეთვე საფრანგეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, უნგრეთში, სერბეთში, სლოვენიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.

იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო გაფრთხილება 21 ქალაქში მოქმედებდა, მათ შორის რომში, მილანში, ნეაპოლში, ვენეციაში, ფლორენციაში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ექსტრემალური ამინდის მოვლენები პლანეტაზე კლიმატის ცვლილების გამო სულ უფრო გახშირდა.