ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

ესპანეთი

ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.

სეუტა ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარეობს და მაროკოს ესაზღვრება.

ესპანეთსა და მაროკოს შორის საზღვარზე სიტუაციის ესკალაცია მიგრანტების შესვლის მცდელობების მკვეთრ ზრდას მოჰყვა, რომლებიც რეგიონში შეღწევას ძირითადად ცურვით ცდილობენ.

სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლის განცხადებით, მიგრანტები ტარახალის ტალღათმჭრელის გავლით „ზღვიდან მასობრივად შედიან“, თუმცა ზუსტი რაოდენობის დასახელება ჯერჯერობით შეუძლებელია.

სახელმწიფო ტელევიზია TVE-ის ცნობით, საზღვარი 2 000-დან 3 000-მდე ახალგაზრდამ გადაკვეთა, ხოლო საინფორმაციო სააგენტო EFE იუწყება, რომ ზოგიერთმა მათგანმა ტერიტორიაზე შეღწევა სასაზღვრო ღობეებზე გადაძრომით მოახერხა.

სეუტას რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელმა, ხუან ხესუს ვივასმა ცენტრალურ მთავრობას მოუწოდა, ეროვნული უსაფრთხოების მოტივით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, გაზარდოს პოლიციელთა რაოდენობა და საზღვარზე არმია განათავსოს.

ვივასის თქმით, დამატებითი პოლიციური და სამხედრო ძალები აუცილებელია „საზღვრის ხელშეუხებლობისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

თავის მხრივ, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ეროვნულ საზღვრებს დაიცავენ, თუმცა მიგრაციულ ნაკადებთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეუძლებელია, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა მიგრაციას ეროვნული უსაფრთხოების რისკად არ განიხილავს.

უწყების განმარტებით, სამთავრობო ადმინისტრაციები ამჟამად „მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა სეუტაში შექმნილ სიტუაციას სწრაფად და ეფექტიანად უპასუხონ.