1753214676
ეს ქვეყანა მალე საცხოვრებლად უვარგისი იქნება - მოსახლეობას "კლიმატის ლტოლვილობა" ელის

კლიმატის ცვლილება იმდენად გამწვავდა, რომ კუნძულოვან სახელმწიფო ტუვალუს 10 000-იანი მოსახლეობის ნახევარს ქვეყნიდან წასვლა სურს. მათ განაცხადი შეიტანეს "კლიმატის ვიზის" მისაღებად, რომელსაც ავსტრალია სთავაზობთ.
ავსტრალიური მედიასაშუალება SBS Australia-ს ინფორმაციით, განაცხადი სულ 5157-მა ადამიანმა შეიტანა. ცნობილია ისიც, რომ აპლიკაციების მიღების დაწყების მხოლოდ პირველ 4 დღეში ამ "გათამაშებაში" მონაწილეობა ტუვალუს მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა მიიღო.
ყოველწლიურად 280-მდე გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთაც ავსტრალიაში მუდმივად ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლება ექნებათ. ასევე, მათ ჯანდაცვისა თუ სხვა სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ და საჭირო დახმარებას მიიღებენ. პროექტი წელს დაიწყო, თუმცა მისით უკვე ბევრი მოქალაქე დაინტერესდა.
„ავსტრალია აცნობიერებს იმ გამანადგურებელ გავლენას, რომელიც კლიმატის ცვლილებას მოწყვლადი ქვეყნებისა და ხალხის ცხოვრებაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე აქვს, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის რეგიონში", — აცხადებენ ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროში.
ტუვალუ 9 კუნძულისგან შედგება და ავსტრალიისგან დაახლოებით 4000 კილომეტრითაა დაშორებული. მისი ფართობი ნიუ-იორკის მხოლოდ 3%-ის ტოლია, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა.
ეს სახელმწიფო წყლითაა გარშემორტყმული. ამიტომ მასზე კლიმატის ცვლილება განსაკუთრებულად ზემოქმედებს. ტუვალუს მოსახლეობა სერიოზული საფრთხის წინაშეა. შესაძლოა, ის პირველი ქვეყანა გახდეს, რომელზეც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყლის დონის მატება იქონიებს გავლენას და მას საცხოვრებლად უვარგისად აქცევს.
ავსტრალიამ ტუვალუსთან 2023 წელს გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც "კლიმატის ცვლილებით განპირობებული ეგზისტენციალური საშიშროების წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ". პროექტის ფარგლებში ამ კუნძულებიდან ავსტრალიაში საცხოვრებლად მომდებნო ათწლეულის ჩათვლით მოსახლეობის დაახლოებით 40% გადავა. მათ უკან დაბრუნება ნებისმიერ დროს შეეძლებათ.