ერთი დღე გავიდა და რუსეთმა ჯერ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულება უკრაინის მიერ „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის“ შესახებ, ამას არც გააკეთებენ, რადგან თავდასხმა არ მომხდარა - ანდრეი სიბიგა

ანდრეი სიბიგა

თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ წარმოადგინა რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება უკრაინის მიერ „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის“ შესახებ ბრალდებების დასადასტურებლად და ისინი ამას არც გააკეთებენ, რადგან ასეთი თავდასხმა არ მომხდარა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოფიციალური კიევი იმედგაცრუებულია ზოგიერთი ქვეყნის მიერ „თავდასხმის“ შესახებ გაკეთებული განცხადებით.

„ჩვენ იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვიყავით არაბთა გაერთიანებული საამიროების, ინდოეთის და პაკისტანის განცხადებებით, რომლებშიც ისინი გამოთქვამდნენ შეშფოთებას თავდასხმის შესახებ, რომელიც არასდროს მომხდარა. ეს კიდევ უფრო გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ სამივე სახელმწიფომ არ გააკეთა ოფიციალური განცხადება, როდესაც 2025 წლის 7 სექტემბერს რუსული რაკეტა დაეცა უკრაინის მთავრობის შენობაზე. რუსეთს აქვს ცრუ განცხადებების ხანგრძლივი ისტორია – ეს მათი დამახასიათებელი ტაქტიკაა. მაგალითად, რუსეთმა განაცხადა, რომ არ დაესხმებოდა თავს უკრაინას 2022 წლის დასაწყისში. ისინი ასევე ხშირად ადანაშაულებენ სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავენ. მათი სიტყვები არასდროს უნდა იქნას აღქმული ისე, როგორც უნდა იყოს. რუსეთის უსაფუძვლო მანიპულაციურ ბრალდებებზე ასეთი რეაქციები მხოლოდ რუსულ პროპაგანდას უწყობს ხელს და მოსკოვს კიდევ უფრო მეტი სისასტიკისა და ტყუილისკენ უბიძგებს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და თავი შეიკავონ დაუდასტურებელ ბრალდებებზე რეაგირებისგან – ეს ძირს უთხრის ბოლო დროს წინ მიმავალ კონსტრუქციულ სამშვიდობო პროცესს“, – წერს ის.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, 28-29 დეკემბერს კიევმა ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა 91 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ ვლადიმერ პუტინისგან შეიტყო – „ეს კარგი არ არის, სულ სხვა რამაა მის სახლზე თავდასხმა“.