1756396791
ერდოღანმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას, რათა ომი დასრულდეს მდგრადი მშვიდობით - თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
როგორც თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიაში განაცხადეს, სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა განიხილეს თურქეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო პროცესი, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები.
თურქული მხარის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდებოდა ალასკასა და ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებს და აღნიშნა, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას, რათა ომი დასრულდეს მდგრადი მშვიდობით და რომ მშვიდობის დამყარებით ის გააგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინის უსაფრთხოებაში.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა-რუსეთის ომში სამართლიანი მშვიდობა შესაძლებელია და დასძინა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს ინტენსიურად. თურქული მხარის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოთქვა თურქეთის მზადყოფნა, გააკეთოს ყველაფერი მაღალი დონის შეხვედრების რეალიზაციისთვის, რაც მშვიდობისკენ გზას გახსნის. კანცელარიის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.