ემანუელ მაკრონი: 17 ოქტომბერს მარსელში, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, სამართალდამცველთა რაოდენობა საკმარისი არ იყო, რადგან ვითარება სათანადოდ ვერ შევაფასეთ

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მარსელს ეწვია, სადაც ქალაქის მერს, ბენუა პაიანს შეხვდა. პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა შაბათს გამართული საპროტესტო აქციების დროს მიღებული უსაფრთხოების ზომები შეაქო და განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შეძლეს.

„წესრიგი შენარჩუნდა“, – განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, „ორგანიზებამ და წინასწარმა დაგეგმვამ“ შესაძლებელი გახადა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა და პროტესტის გამოხატვის უფლების უზრუნველყოფა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მომავალი აქციებისთვის მზადების აუცილებლობაზეც ისაუბრა და გააფრთხილა საზოგადოება, რომ მომდევნო შაბათი, შესაძლოა, რისკის შემცველი აღმოჩნდეს. მისი თქმით, საპროტესტო მსვლელობები კვლავ გაიმართება, თუმცა არა ქალაქის ცენტრში, რათა ბიზნესები დაცული იყოს.

„ჩვენ ადგილზე ვიქნებით და ორგანიზებულად ვიმოქმედებთ“,- განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე უზრუნველყოფს რესპუბლიკისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.

„ამჟამად ჩვენ რესპუბლიკასა და საზოგადოებრივ წესრიგს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ვიცავთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა გააკრიტიკა საგანგებო მდგომარეობის გამოუცხადებლობის გამო, ხელისუფლება მოქმედებდა „მკაცრად და მტკიცედ“.

ამასთან, მაკრონის განცხადებით, 17 ოქტომბერს მარსელსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებისთვის სამართალდამცველთა არასაკმარისი რაოდენობა იყო მობილიზებული.

„17 ოქტომბერს მარსელში, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, სამართალდამცველთა რაოდენობა საკმარისი არ იყო,რადგან ვითარება სათანადოდ ვერ შევაფასეთ. მათ შორის, არ გავითვალისწინეთ ისიც, რომ ულტრამემარცხენე ძალების ამდენი წარმომადგენელი დილაადრიანვე დაიწყებდა მობილიზებას“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მარსელში გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ მთავრობას სოციალური მოძრაობის „ლეგიტიმური მოთხოვნების“ საპასუხოდ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სთხოვა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პრემიერ-მინისტრი კვლავ შეხვდება სტუდენტთა წარმომადგენლებს.

შეხვედრის შედეგად მაკრონი „მნიშვნელოვან განცხადებებსა“ და წინსვლას ელოდება, რაც „ძალიან მოკლე ვადაში“ კონკრეტული პროექტების დაწყებას შეუწყობს ხელს.

მაკრონის განცხადებით, მსგავსი მოლაპარაკებები პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც უნდა გაიმართოს.

✕