ხვიჩა კვარაცხელია პოსტს აქვეყნებს
1793042081
ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ საპროტესტო აქციების რეგულირების მიზნით ახალი საკანონმდებლო ზომების მიღების გეგმა დააანონსა. რამას თქმით, დემონსტრაციების მარეგულირებელი მოქმედი კანონი 2001 წლით თარიღდება და არ ითვალისწინებს ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც დღეს საპროტესტო აქციების განუყოფელ ნაწილად იქცა.
შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს დემონსტრაციების შედეგად დაზარალებული ბიზნესების კომპენსაციას, ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების დაჯარიმებას, სოციალურ ქსელებში ძალადობისკენ მოწოდებების აღკვეთის ზომებსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს.
ახალი რეგულაციების თანახმად, ჯარიმები დაწესდება უნებართვო დემონსტრაციების ორგანიზებისთვის, აქციის დაშლის შესახებ სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, აქციების დროს სახის დაფარვისა და სატრანსპორტო მოძრაობისთვის ხელის შეშლისთვის.
ცნობისთვის, ალბანეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები 13 ოქტომბერს დაიწყო. დემონსტრაციები ნაწილობრივ ძალადობაში გადაიზარდა და პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა. დემონსტრანტები ედი რამასა და მისი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ და მათ კორუფციულ მმართველობასა და ქვეყნის ეკონომიკის არასწორ მართვაში ადანაშაულებენ. რამა აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.