დროა, ტრამპმა დაინახოს, რომ პუტინი მას დასცინის - რადოსლავ სიკორსკი

რადეკ სიკორსკი

დროა, ტრამპმა დაინახოს, რომ პუტინი მას დასცინის, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

სიკორსკის თქმით, იმედი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „მეგობრული შეთანხმების“ მიღწევის მცდელობა უპერსპექტივოა და შეცვლის თავის მიდგომას.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ დონალდ ტრამპი ადრე თუ გვიან გადაწყვეტს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, სიკორსკიმ უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს.

„დროა, პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახოს, რომ პუტინი მას დასცინის. ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, პუტინი სულ უფრო მეტ დრონს უშვებს – ჯერ უკრაინის, ახლა კი ნატო-ს წინააღმდეგ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამ პროცესის ბოლოს ვიხილავთ სერიოზულ, კოორდინირებულ ქმედებებს“,- აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სიკორსკის თქმით, პოლონეთი პატივს სცემს რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზებით შეჩერების მცდელობებს და, რა თქმა უნდა, სურს უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად მშვიდობის დამყარება.

„მაგრამ, ჩვენი აზრით, პუტინს რეაგირება მხოლოდ მკაცრ ნაბიჯებზე ექნება. პუტინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბოროტად იყენებდა პრეზიდენტ ტრამპის კეთილგანწყობას“, – განაცხადა სიკორსკიმ.