დავოსში დონალდ ტრამპი მარკ რუტეს შეხვდა

ტრამპი და მარკ რუტე

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდა.

ტრამპის თქმით, გრენლანდიის საკითხს მარკ რუტესთან ერთად განიხილავს.

„მე გრენლანდია უსაფრთხოებისთვის მჭირდება, არა რაიმე სხვა მიზნით. ჩვენ NATO-ს წევრები ვართ. რუტე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს NATO-სთვის და მის ფარგლებს გარეთაც“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა შეხვედრისას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა გონივრულ ფასად გრენლანდიის შეძენა, რაზეც ტრამპმა დადებითად უპასუხა.

„დიახ, ვხედავ, მაგრამ არსებობს უფრო დიდი ფასი – ეს არის ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ფასი, რაც თქვენს ბევრ ქვეყანას ეხება“, – აღნიშნა ტრამპმა.

თავის მხრივ, მარკ რუტემ მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვაზე ხარჯების გაზრდაში გაწეული წვლილისთვის .

„ერთი ფაქტორი – ევროპელები იმდენს არ იხდიდნენ, რამდენსაც აშშ იხდიდა. ჩვენ ეს გადავჭერით“, – აღნიშნა რუტემ.

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ევროპელი მოკავშირეები აუცილებლად დაიცავდნენ აშშ-ს თავდასხმის შემთხვევაში.

„ავღანეთში ყოველ ორ დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცზე NATO-ს სხვა ქვეყნის ერთი ჯარისკაცი იყო, რომელიც ოჯახთან არ დაბრუნდა. ეს გიჩვენებთ, რომ ევროპელი მოკავშირეები აბსოლუტურად დაიცავენ აშშ-ს თავდასხმის შემთხვევაში“, – განაცხადა მარკ რუტემ.