ქუთაისში, დააკავეს ბებია, რომელმაც 2 წლამდე ბავშვს TikTok ლაივში სცემა
1756720265
2025 წელი კონფლიქტებით, არეულობითა და ქაოსით სავსე წელია, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ასეთ დროშიც ახერხებს, რომ უსაფრთხოება შეინარჩუნოს.
გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით 2025 წელს II მსოფლიო ომის შემდეგ სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა. ამ პირობებში ბევრმა სახელმწიფომ სამხედრო შეიარაღებისა და მომზადების გაზრდა დაიწყო.
ამის მიუხედავად, ზოგიერთი ქვეყანა მაინც ახერხებს, რომ უსაფრთხოება და სიმშვიდე შეინარჩუნოს. ინდექსი, რომლითაც ქვეყნების უსაფრთხოება გაზომეს, 23 სხვადასხვა კრიტერიუმს ითვალისწინებს, მათ შორის საგარეო კონფლიქტებს, სამხედრო მდგომარეობას, ტერორიზმსა და მკვლელობების რიცხვს.
2025 წელს ამ სიის სათავეში შემდეგი 5 ქვეყანა მოექცა:
1. ისლანდია
2008 წლის შემდეგ ამ სიაში ისლანდია პირველ ადგილს იკავებს და მსოფლიოს ყველაზე მშვიდ ქვეყანად ითვლება. ის ლიდერია როგორც უსაფრთხოებაში, ისე კონფლიქტებისა და მილიტარიზაციის ნაკლებობაში. ისლანდიის უსაფრთხოების მდგომარეობა წელს კიდევ 2%-ით გაუმჯობესდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მკაცრი ზამთრებისა და ცივი ამინდების მიუხედავად, უსაფრთხოების გრძნობას საზოგადოება ქმნის. "ღამით მარტო ყველანაირი ნერვიულობის გარეშე შეგიძლიათ იაროთ. ქუჩაში ხშირად ნახავთ კაფეების წინ ეტლებში მძინარე ჩვილ ბავშვებს, როცა მათი მშობლები საკვებს მიირთმევენ ან საქმეზე არიან გასულები. ადგილობრივი პოლიცია იარაღსაც კი არ ატარებს."
ინგა, ერთ-ერთი ისლანდიელი, ფიქრობს, რომ უსაფრთხოებაში დიდი წვლილი ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მაღალი დონესაც შეაქვს, რაც სამართლიან და დაცულ გარემოს ქმნის არამხოლოდ ქალებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.
2. ირლანდია
მე-20 საუკუნეში ირლანდია კონფლიქტებში იყო გახვეული, თუმცა დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. ირლანდიაში როგორც მილიტარიზაციის და კონფლიქტების, ისე კრიმინალისა და ძალადობის დაბალი მაჩვენებელია.
"აქ ხალხი ერთმანეთზე ზრუნავს. ისეთი ადგილია, რომელშიც შეგიძლია უცნობს სთხოვო დახმარება და ისიც ყველაფერს გააკეთებს შენთვის", — ამბობს ცნობილი ირლანდიელი არქიტექტორი ჯეკ ფიცსიმონსი — "პატარა სოფელში იქნები თუ დიდ ქალაქში, საზოგადოების ერთიანობა და მეგობრულობა თავს ლაღად და თავისუფლად გაგრძნობინებს".
სიმშვიდის გრძნობას ირლანდიის ბუნებაც აძლიერებს. "სადაც არ უნდა იყო, ყველა ადგილიდან ახლოსაა სასახლე, მშვიდი ტყე ან მყუდრო ბარი, სადაც შეგიძლია ტრადიციული მუსიკით ისიამოვნო. ცხოვრება ნელი რიტმით მიდის, აქ ხალხი ჯერ კიდევ აფასებს ერთმანეთთან საუბარსა და ისტორიების გაზიარებას. ადამიანთა კავშირი განსაკუთრებულია".
3. ახალი ზელანდია
2025 წელს ზელანდიამ ამ სიაში 2 ადგილით ზემოთ აინაცვლა, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ ქვეყანაში ტერორიზმის გავლენა შემცირდა და უსაფრთხოება გაუმჯობესდა.
ახალი ზელანდია წყნარი ოკეანის კუნძულზე მდებარეობს და გეოგრაფია ხელს უწყობს, რომ გარე კონფლიქტებისგან დაცული იყოს. თუმცა ამასთან ერთად, ქვეყნის შიდა მოწყობასაც დიდი წვლილი შეაქვს იმაში, რომ ახალი ზელანდიელები მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს — იარაღთან დაკავშირებით მას ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონები აქვს მსოფლიოში. ადგილობრივების თქმით, ახალ ზელანდიაში ბავშვები თავისუფლად დადიან სკოლაში მარტო, ხალხი მშვიდად ტოვებს სახლის კარებს ღიას და თუ ვინმეს გზად მანქანა გაუფუჭდა ან რამე პრობლემა შეექმნა, ყველა დასახმარებლად ჩერდება.
ერთმანეთისა და სისტემის მიმართ ნდობა გაგვაჩნია
სოციალური კავშირებისა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის გარდა, ახალი ზელანდიელები ბუნებასთან კავშირსაც აფასებენ — იქნება ეს სანაპიროზე სეირნობა, ტყეში ლაშქრობა თუ ღვინის დალევისას ვარსკვლავების ცქერა. ასევე ხშირია ფესტივალები და ღონისძიებები ყველა ასაკის ადამიანისთვის.
4. ავსტრია
ავსტრიამ წელს მესამე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა, თუმცა ყველა კრიტერიუმში კარგი შეფასებები დაიმსახურა.
ავსტრია ცდილობს, რომ კონფლიქტებს თავი აარიდოს და ამის მაგივრად საკუთარ ხალხზე და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე კონცენტრირდეს. "ძლიერი უსაფრთხოების სისტემა, უმაღლესი დონის ჯანდაცვა და შესანიშნავი განათლების სისტემა სტაბილურობასა და ნდობას ქმნის საზოგადოებაში", — ამბობს არმინი, ავსტრიელი ადგილობრივი. მისი თქმით, ხალხი შუაღამისას მდინარის პირას სეირნობს, სახლის კარს — ღიას, ხოლო ველოსიპედებს — ჩაუკეტავს ტოვებს ქუჩებში.
არმინი ასევე ამჩნევს, რომ როცა ხალხი ავსტრიას სტუმრობს, რამდენიმე დღეში დაძაბულობა და სტრესი ეხსნებათ და ღამით ბავშვებივით სძინავთ, მდინარის ხმის მოსმენას იწყებენ, ამჩნევენ, როგორ ციმციმებს სინათლეები მთებზე და რა ბედნიერებაა უბრალოდ ღრმად სუნთქვა.
"აქ შეგიძლია თავისუფლად იყო".
5. სინგაპური
ამ სიის ათეულში სინგაპური ერთადერთი აზიური ქვეყანაა. უსაფრთხოების გრძნობას ქვეყანაში როგორც კონფლიქტების სიმცირე, ისე შიდა სისტემა ქმნის.
"გვიან ღამით ქუჩაში მარტო დავდივარ და არ მეშინია. სახლამდე მისვლა სანერვიულო არ არის, როგორც ეს სხვა დიდ ქალაქებში ხდება", — ამბობს სინგაპურის მაცხოვრებელი — "100%-იანი კომფორტი და ნდობა გვაქვს სისტემის მიმართ, რაც მშვიდ და მზრუნველ გარემოს ქმნის".
იმის მიუხედავად, რომ სინგაპურში LGBT+ საკითხებთან დაკავშირებით ჯერ მაინც კონსერვატიული მიდგომაა, ბოლო წლებში პროგრესი იგრძნობა. ახალგაზრდა სინგაპურელები იბრძვიან მეტი თავისუფლებისა და მიმღებლობის მოსაპოვებლად და ამბობენ, რომ წლევანდელ პრაიდზე ბევრად უსაფრთხოდ იგრძნეს თავი, ვიდრე წინა წლებში.