დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გარეცხვა რამდენიმე კვირა არ სჭირდება

საცვალი

დანიურმა ბრენდმა Organic Basics-მა შექმნა ინოვაციური თეთრეული, რომელიც სპეციალური SilverTech ქსოვილის წყალობით ბაქტერიების 99.9%-ს ანადგურებს. მასში გამოყენებული ვერცხლის ქლორიდის ტექნოლოგია იმავე პრინციპს ეფუძნება, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წყლის გასაწმენდად იყენებენ.

რადგან უსიამოვნო სუნს სწორედ ბაქტერიები იწვევს და არა ოფლი, ვერცხლის იონები მათ გამრავლებას აფერხებს, რის შედეგადაც თეთრეული დიდხანს სუფთა და უსუნო რჩება. კომპანიის განცხადებით, მისი ტარება გარეცხვის გარეშე რამდენიმე კვირის განმავლობაშიც შესაძლებელია.

Organic Basics ამ პროდუქტს „ეკო-თეთრეულს“ უწოდებს, რადგან იშვიათი რეცხვა მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის, ელექტროენერგიისა და სარეცხი საშუალებების მოხმარებას. ამავე ტექნოლოგიით კომპანიამ მოგვიანებით მაისურები, წინდები, სპორტული ტოპები და ლეგინსებიც გამოუშვა, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარული მოგზაურებსა და მოლაშქრეებში გახდა.

ინოვაციურ კომფორტს შესაბამისი ფასიც აქვს – ორი მამაკაცის ტრუსის ნაკრები 64 დოლარი ღირს, ხოლო ქალის – 56 დოლარი.