CNN: აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი მიმდინარე კვირას ნავთობკომპანიების მმართველებს შეხვდება და ვენესუელის საკითხს განიხილავს

mk

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი კრის რაითი მიმდინარე კვირას ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება, რათა განიხილოს ამერიკული კომპანიების მეშვეობით ვენესუელაში ნავთობის საბადოების მუშაობის განახლების საკითხი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ენერგეტიკის დეპარტამენტში აცხადებენ, რაითი ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მაიამიში გასამართ ერთ-ერთ კონფერენციაზე შეხვდება.

ამერიკულ ტელეარხს წყარო უყვება, რომ შეხვედრა იმ ფონზე გაიმართება, როცა აშშ-ის ხელისუფლებას ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაკავებული ჰყავს, ხოლო ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კერძო კომპანიები მილიარდობით დოლარს ჩადებენ ვენესუელის ნავთობის ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

ჯერჯერობით მსხვილი კომპანიები და სავაჭრო ასოციაციები თეთრი სახლისგან ელიან პასუხს, თუ როგორ იმოქმედონ სამომავლოდ, წერს CNN-ი.

ამერიკული ტელეარხი იუწყება, რომ რაითს მრავალი შეხვედრის ჩატარება მოუწევს, რათა დაარწმუნოს კომპანიები, რომ მათ მილიარდობით დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელონ და დაბრუნდნენ ბაზარზე, სადაც ერთ დროს უზარმაზარი ფინანსური დანაკარგები განიცადეს.