ჩვენ უკრაინის მთავრობასთან ინტენსიურად ვთანამშრომლობდით შორ მანძილზე მოქმედ იარაღის სისტემებთან დაკავშირებით, უკრაინის არმია აღიჭურვება ასეთი იარაღის სისტემებით - ფრიდრიხ მერცი

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სისტემები ხელმისაწვდომი გახდება.

„თვეების განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობდით უკრაინის მთავრობასთან შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემებთან დაკავშირებით. უკრაინის არმია აღიჭურვება ასეთი იარაღის სისტემებით“, – განაცხადა მერცმა ბერლინში, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტერსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ჟურნალისტის კითხვაზე დამატებითი დეტალების შესახებ, მერცმა განაცხადა, რომ დეტალებს არ გაასაჯაროებს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ დეტალებს საჯაროდ აღარ განვიხილავთ, რადგან მიგვაჩნია, რომ გარკვეული დონის გაურკვევლობაა საჭირო, განსაკუთრებით რუსული მხარისთვის, ამ სფეროში ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის მასშტაბებთან დაკავშირებით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინული არმია აღვჭურვოთ შესაბამისი რადიუსის მოქმედების მქონე შეიარაღების სისტემებით. ეს გაიზრდება მომდევნო კვირებსა და თვეებში, საჭიროების შემთხვევაში, იმ დონემდე, რომ ასეთი იარაღის სისტემები თავად უკრაინაშიც იწარმოებოდეს“,- განაცხადა მერცმა.

ამასთან, რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ბელგიას კვლავ აქვს გარკვეული შეშფოთება.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მესმის ბელგიის მთავრობის ეჭვების და შეშფოთების. ჩვენ ვცდილობთ ამ შეშფოთების გაქარწყლებას. ჩვენ ასევე ვცდილობთ ერთობლივი გარანტიების უზრუნველყოფას, რათა ეს აქტივები რეალურად იყოს გამოყენებული. ჩვენ არ გვინდა მათი კონფისკაცია, ჩვენ გვინდა მათი გამოყენება სესხის გირაოდ. ამ სესხმა, შეიძლება, უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში საკმარისი მატერიალური რესურსებით და იარაღით უზრუნველყოს. თუმცა ჩვენ ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. 18 დეკემბერი არის დღე, როდესაც ევროპული საბჭო წელს ბოლოჯერ იკრიბება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დღეს შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა მერცმა.